დეფიბრილატორის იმპლანტაცია

კარდიოვერტერ დეფიბრილატორი უეცარი კარდიული სიკვდილისგან დაცვის ერთადერთი ეფექტური საშუალებაა

SHARE

ზვიად მათოშვილი. ზვიად მათოშვილი. ზვიად მათოშვილი

 

კარდიოვერტერ დეფიბრილატორის იმპლანტაცია

  

უეცარი კარდიული სიკვდილი

უეცარი სიკვდილი თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი პრობლემაა. ყველა სახის კარდიოლოგიური მიზეზით გამოწვეული სიკვდილობის დაახლოებით ნახევარი უეცარ კარდიულ სიკვდილზე მოდის. უეცარი სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზი სიცოცხლისათვის სახიფათო არითმიაა. ამ სახის არითმიის სწრაფი შეწყვეტა მხოლოდ დაუყოვნებელი ელექტრული დეფიბრილაციით (ე.წ. „ელექტროშოკით“) არის შესაძლებელი. სწორედ ასეთი არითმიის შესაჩერებლად და ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად გამოიყენება კარდიოვერტერ დეფიბრილატორი.

 

რა არის კარდიოვერტერ დეფიბრილატორი

კარდიოვერტერ დეფიბრილატორი (ICD) პეისმეიკერის / კარდიოსტიმულატორის მსგავსად შედგება კომპიუტერული ნაწილისგან და ბატარეისგან. მას აქვს ელექტროდი, ან ელექტროდები რომელიც აკავშირებს გულთან. ეს მოწყობილობა პეისმეიკერთან შედარებით ოდნავ დიდი ზომისაა. თანამედროვე კარდიოვერტერ დეფიბრილატორის წონა დაახლოებით 70 გრამია, სისქე კი 12-13მმ.

კარდიოვერტერ დეფიბრილატორის მთავარი ფუნქციაა ამოიცნოს სიცოცხლისთვის სახიფათო არითმია (გულის აჩქარება), საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს ელექტრული შოკი და აღადგინოს ნორმალური გულისცემა და გადაარჩინოს სიცოცხლე. თანამედროვე კარდიოვერტერ დეფიბრილატორებს ზოგ შემთხვევაში გულის სახიფათო აჩქარების გამოსწორება სპეციალური სტიმულაციით, ანუ შოკის გამოყენების გარეშეც შეუძლიათ. აღნიშნული სტიმულაციის არაეფექტურობის შემთხვევაში აპარატი გამოიყენებს ელექტრულ შოკს. კარდიოვერტერ დეფიბრილატორს სახიფათოდ აჩქარებული გულისცემის გარდა შეუძლია შენელებული გულისცემის გამოსწორებაც, ანუ მას გააჩნია პეისმეიკერის ფუნქციაც.

 

როდის არის საჭირო კარდიოვერტერ დეფიბრილატორი

გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის ან/და გულის უკმარისობის მქონე პაციენტებთან გულის სახიფათო აჩქარების და უეცარი სიკვდილის რისკი მაღალია. განსაკუთრებით ეს ეხებათ პაციენტებს რომელთა მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია (EF) მკვეთრად დაქვეითებულია (ძირითადად <35%, ზოგიერთ შემთხვევაში <40%). ამ კატეგორიის პაციენტებთან, იმის მიუხედავად ჰქონიათ თუ არა მათ აქამდე გულის სახიფათო აჩქარება, კარდიოვერტერ დეფიბრილატორის ჩანერგვა საჭიროა. გულის სახიფათო აჩქარების მქონე პაციენტებთან, მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის მიუხედავდ, კარდიოვერტერ დეფიბრილატორის ჩანერგვა ასევე აუცილებელია.

 

 როგორ ტარდება ოპერაცია

კარდიოვერტერ დეფიბრილატორის ჩასანერგად დიდი ქირურგიული ჩარევა არ არის საჭირო. ამ ოპერაციის დროს, ლავიწის ძვლის ქვემოთ (მარცხენა ან მარჯვენა მხარეს) კეთდება დაახლოებით 6 სმ სიგრძის განაკვეთი და ამ მიდამოში ხდება კარდივერტერ-დეფიბრილატორის მოსათავსებელი ადგილის, ე.წ. „ჯიბის“ ფორმირება.

ლავიწქვეშა ვენის გავლით, რენტგენოსკოპიის კონტროლით ხდება ელექტროდის, ან ელექტროდების გულში შეყვანა და სათანადო ადგილებში დამაგრება. ელექტროდის მეორე დაბოლოება კარდიოვერტერ დეფიბრილატორს უერთდება, შემდეგ ჭრილობა იკერება და ოპერაცია სრულდება. სტანდარტულად ოპერაცია ტარდება ადგილობრივი გაუტკივარებით, ზოგადი ანესთეზიის გარეშე. ოპერაციის ხანგრძლივობა დაახლოებით 1-1,5 საათია. კარდიოვერტერ დეფიბრილატორის მუშაობის ხანგრძლივობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და საშუალოდ 5-8 წელია. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ, ხდება კარდიოვერტერ დეფიბრილატორის გამოცვლა. ოპერაციის შემდეგ პაციენტი კლინიკაში რჩება მინიმუმ ერთი დღე-ღამე. ოპერაციის შემდეგ ხდება აპარატის პროგრამირება და სათანადო პარამეტრების შერჩევა. პროგრამირება შესაძლებელია გარედან, ყოველგვარი ჩარევის გარეშე.

 

კარდიოვერტერ დეფიბრილატორის ტიპები

არსებობს ერთკამერიანი, ორკამერიანი და სამკამერიანი კარდიოვერტერ დეფიბრილატორი. ერთკამერიან კარდიოვერტერ დეფიბრილატორს აქვს ერთი ელექტროდი, რომელიც გულის ერთ კამერაში (მარჯვენა პარკუჭში) მაგრდება. ორკამერიანი კარდიოვერტერ დეფიბრილატორი ორი ელექტროდით უკავშირდება როგორც მარჯვენა წინაგულს, ისე მარჯვენა პარკუჭს. სამკამერიანი კარდიოვერტერ დეფიბრილატორი (იგივე რესინქრონიზატორ-დეფიბრილატორი) სამი ელექტროდის საშუალებით უკავშირდება გულს (მარჯვენა წინაგულს, მარჯვენა პარკუჭს და მარცხენა პარკუჭს). ეს უფრო რთული მოწყობილობაა და გამოიყენება გულის უკმარისობის მქონე პაციენტებთან, გულის კუმშვადობის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის და უეცარი კარდიული სიკვდილის პრევენციისთვის.

კარდიოვერტერ დეფიბრილატორის სახეს ირჩევს ექიმი პაციენტის დიაგნოზის და მონაცემების გათვალისწინებით.

 

რა რისკები ახლავს კარდიოვერტერ დეფიბრილატორის იმპლანტაციას

ჩვეულებრივ, კარდიოვერტერ დეფიბრილატორის იმპლანტაცია საკმაოდ უსაფრთხოა, თუმცა როგორც ყველა ქირურგიულ ჩარევას, მასაც შეიძლება მოჰყვეს გართულებები. ეს გართულებები შეიძლება იყოს როგორც უმნიშვნელო და ადვილად გადასატანი, ასევე სიცოცხლისათვის საშიშიც. გართულებების განვითარების ალბათობის მიხედვით ისინი შედარებით ხშირ და იშვიათ გართულებებად იყოფიან:

 

შედარებით ხშირი (10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში)

  • მცირე ტკივილი და შეშუპება ჭრილობის არეში ოპერაციიდან რამდენიმე დღის განმავლობაში

 

იშვიათი (100-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)

  • გულის რიტმის მნიშვნელოვანი დარღვევა პეისმეკერის იმპლანტაციის დროს, რომელმაც შეიძლება მოითხოვოს რეანიმაციული ღონისძიებები
  • პნევმოთორაქსი (ფილტვის გახვრეტა), რომელმაც ზოგ შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს პლევრის პუნქცია და ჰაერის ასპირაცია
  • ელექტროდის დისფუნქცია ან დისლოკაცია, რომელმაც შეიძლება მოითხოვოს განმეორებითი პროცედურა მის ჩასასწორებლად
  • ვენის თრომბოზი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ზედა კიდურის და/ან სახის შეშუპება და მოითხოვოს მკურნალობა ანტიკოაგულანტებით
  • ინფექცია იმპლანტაციის არეში, რომელმაც შეიძლება მოითხოვოს იმპლანტირებული სისტემის ამოღება და რეიმპლანტაცია სხვა მიდამოში
  • გულის პერფორაცია (გახვრეტა), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გულის ტამპონადა და მოითხოვოს პერიკარდიუმის პუნქცია და/ან გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა
  • ალერგია რომელიმე მედიკამენტზე, რაც შეიძლება გამოიხატოს როგორც მსუბუქი (ქავილი და გამონაყარი კანზე), ასევე მძიმე ანაფილაქსიური რეაქციის სახით.
  • ძლიერი სისხლდენა (არტერიის ან ვენის დაზიანების ან სისხლის შედედების უნარის დაქვეითების შემთხვევაში)
  • ნერვის დაზიანება, რასაც შეიძლება მოჰყვეს ნევრალგიური ტკივილები
  • ჰაეროვანი ემბოლია, როდესაც ჰაერი აღწევს სისხლძარღვის შიგნით და იწვევს რომელიმე სისხლძარღვის დაცობას, რაც ძალზე იშვიათია, მაგრამ ზოგ შემთხვევაში სიცოცხლისათვის საშიში შეიძლება იყოს

მთლიანობაში კარდიოვერტერ დეფიბრილატორს იმპლანტაციის დროს სიცოცხლისათვის სახიფათო გართულება ძალზედ იშვიათია.

 

გახსოვდეს:

  • ოპერაციის დღეს კლინიკაში მიბრძანდით უზმოდ. სასურველია ოპერაციამდე 6-8 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები და სითხე. მცირე რაოდენობის წყლის მიღება დასაშვებია. ოპერაციის წინა საღამოს მიიღეთ შხაპი.
  • ოპერაციის შემდეგ საჭიროა გარკვეული რეჟიმის დაცვა. კერძოდ არ არის რეკომენდებული ჭრილობის მხარეს დაწოლა დაახლოებით 2-3 კვირა, სიმძიმეების აწევა და მკლავებით ჩამოკიდება. დეტალურ ინსტრუქციას ექიმისგან მიიღებთ
  • ოპერაციის შემდეგ პაციენტი საჭიროებს მეთვალყურეობას და კარდიოვერტერ დეფიბრილატორის ფუნქციის გარკვეული პერიოდულობით შემოწმებას.
  • კონტაქტური სპორტი შესაძლოა გახდეს კარდიოვერტერ დეფიბრილატორის დაზიანების მიზეზი
  • სტანდარტულად, კარდიოვერტერ დეფიბრილატორის ჩანერგვის შემდეგ მაგნიტურ რეზონანსული კვლევის ჩატარება არ შეიძლება. ამავე დროს სხვა სახის გამოკვლევები მაგ. კომპიუტერული ტომოგრაფია, ექოსკოპია, რენტგენოსკოპია და ა.შ. სრულიად უსაფრთხოა. ამასთან არსებობს გარკვეული სახის კარდიოვერტერ დეფიბრილატორები რომელთა იმპლანტაციის შემდეგ მაგნიტურ რეზონანსული კვლევა გარკვეული წინაპირობებით დასაშვებია.
  • ელექტრული უსაფრთხოების სისტემამ (მაგ., აეროპორტში) შესაძლოა შექმნას გარკვეული პრობლემა, იმ შემთხვევაში თუ კარდიოვერტერ დეფიბრილატორის მქონე პაციენტი დიდხანს დგას აღნიშნული სისტემის ქვეშ. აღსანიშნავია, რომ ამ დეტექტორში დროული გავლა (თუნდაც რამდენჯერმე), არანაირ პრობლემას არ ქმნის.
  • მიკროტალღური ღუმელი, მობილური ტელეფონი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა სტანდარტული გამოყენების პირობებში კარდიოვერტერ დეფიბრილატორის ფუნქციონირებას საფრთხეს არ უქმნის და საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებები ამ მიმართულებით არასწორია. თუმცა ასეთ აპარატურასთან ძალიან მჭიდრო კონტაქტი (მაგალითად მობილური ტელეფონის კარდიოვერტერ დეფიბრილატორის მიდამოზე მოთავსება) რეკომენდებული არ არის.
  • არ არის რეკომენდებული ელექტრული ბურღის გამოყენება და მაღალი ძაბვის ტრენსფორმატორთან მიახლოება.
  • გარკვეული წესების დაცვაა საჭირო ისეთი სამედიცინო პროცედურების დროს როდესაც გამოიყენება ელექტროდანა, აგრეთვე შეზღუდულია ლითოტრიფსიის გამოყენება.