ელექტროფიზიოლოგიური კვლევა

ელექტროფიზიოლოგიური კვლევა გამოიყენება არითმიების შესასწავლად, დიაგნოზის დასაზუსტებლად და მართებული მკურნალობის შესარჩევად.

SHARE

ზვიად მათოშვილი. ზვიად მათოშვილი. ზვიად მათოშვილი

ელექტროფიზიოლოგიური კვლევა

 

 

ზვიად მათოშვილი. ზვიად მათოშვილი. ზვიად მათოშვილი

გული და მისი ელექტრული სისტემა

გული შედგება ორი წინაგულისა და ორი პარკუჭისგან.   გულის მუშაობას მისი საკუთარი ელექტრული სისტემა განაგებს. გულის თითოეულ შეკუმშვას თითო ელექტრული იმპულსი იწვევს, რომლებიც ეგრეთ წოდებულ სინუსის კვანძში (გულის ბუნებრივ რიტმის წამყვანში) წარმოიქმნება. სინუსის კვანძი სპეციალიზებული უჯრედების ჯგუფია, რომელიც მარჯვენა წინაგულში მდებარეობს. სინუსის კვანძში წარმოქმნილი იმპულსები განსაზღვრავს გულისცემის სიხშირეს. იმპულსი ჯერ მარჯვენა და მარცხენა წინაგულის კედლებზე ვრცელდება და მათ შეკუმშვას იწვევს, რის შედეგადაც სისხლი წინაგულებიდან პარკუჭებში გადადის. ამის შემდეგ იმპულსი აღწევს ატრიო-ვენტრიკულურ (ავ) კვანძს, რომელიც ერთგვარი ელექტრული კარიბჭეა წინაგულებსა და პარკუჭებს შორის. აქ იმპულსი სულ მცირე ხნით ყოვნდება, ვიდრე პარკუჭებისკენ გავრცელდებოდეს. ავ-კვანძიდან პარკუჭებისკენ იმპულსი სპეციალური ბოჭკოების საშუალებით ტარდება, რომელთაც ჰის-პურკინიეს სისტემა ეწოდება. ბოჭკოების ამ ქსელის საშუალებით იმპულსი პარკუჭების კედლებზე ვრცელდება და მათ შეკუმშვას იწვევს, რის შედეგადაც სისხლი პარკუჭებიდან სხეულის სხვადასხვა ორგანოებისკენ გადაისროლება. სინუსის კვანძი ახალ იმპულსს გამოიმუშავებს და ყველაფერი თავიდან იწყება.

 

არითმია და მისი კვლევა

ნორმალურ შემთხვევაში ადამიანის გულისცემა რიტმულია და მისი სიხშირე 60-100 შეკუმშვაა 1 წუთის განმავლობაში. გულისცემის რიტმულობის, ან სიხშირის დარღვევას არითმია ჰქვია.

ხშირად არითმიების დიაგნოსტიკა ხდება ელექტროკარდიოგრამის რეგისტრაციის, ან ჰოლტერის მონიტორინგის მეშვეობით. ზოგჯერ არითმიის გამოვლენა და ზუსტი დიაგნოსტიკა ამ საშუალებებით ან გაძნელებულია, ან საერთოდ შეუძლებელი. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია გულის ელექტროფიზიოლოგიური კვლევის ჩატარება. ამ კვლევას შეუძლია არა მხოლოდ დიაგნოზის გარკვევა, არამედ არითმიის მექანიზმის და მისი კერის ზუსტად განსაზღვრა.

ელექტროფიზიოლოგიური კვლევის წინ შესაძლოა საჭირო გახდეს ზოგიერთი მედიკამენტის მიღების შეწყვეტა.

 

პროცედურის მიმოხილვა

ელექტროფიზიოლოგიური კვლევა ინვაზიური პროცედურაა. ამ პროცედურის დროს, კეთდება ადგილობრივი ანესთეზია ბარძაყის ან/და ლავიწქვეშა მიდამოში და შესაბამის ვენაში დგება რამდენიმე კათეტერი (პლასტმასის დრეკადი პატარა მილი). აღნიშნული კათეტერების მეშვეობით ხდება გულში სადიაგნოსტიკო ელექტროდების შეტანა. ელექტროდების გადაადგილება პაციენტისთვის უმტკივნეულოა და ხორციელდება რენტგენოსკოპიის კონტროლით. ელექტროდები თავსდება გულში შესაბამის ადგილებში, მათი მეშვეობით ხდება სათანადო ელექტრული იმპულსების გამოყენებით არითმიის ხელოვნური გამოწვევა და ინფორმაციის ჩაწერა. დიაგნოზის დადგენა საშუალებას იძლევა სწორად იქნას არჩეული მკურნალობის მეთოდი. მკურნალობა შეიძლება იყოს მედიკამენტური, ან ინვაზიური. მკურნალობის ინვაზიური მეთოდებია: არითმიის კერის დაზიანება (აბლაცია), კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის ან პეისმეიკერის იმპლანტაცია. ელექტროფიზიოლოგიური კვლევის ხანგრძლივობა დაახლოებით 1 საათია. პროცედურის შემდეგ ხდება ელექტროდების და კათეტერების ამოღება და ნაჩხვლეტი მიდამოს შეხვევა. კვლევის შემდეგ პაციენტი კლინიკაში რჩება 8-24 სთ-ის განმავლობაში.

 

რა რისკები ახლავს ელექტროფიზიოლოგიურ კვლვას

ჩვეულებრივ, ელექტროფიზიოლოგიური კვლევა ყოველგვარი გართულების გარეშე ტარდება. ამ პროცედურას ძალზედ იშვიათად შეიძლება ახლდეს გარკვეული გართულებები:

  • მცირე სისხლდენა ნაჩხვლეტი მიდამოდან
  • სისხლძარღვების დაზიანება
  • გულის კუნთის დაზიანება
  • ნაჩხვლეტი მიდამოს ინფექცია ელექტროფიზიოლოგიური კვლევის მეშვეობით შესაძლებელია:

 

ელექტროფიზიოლოგიური კვლევის მნიშვნელობა

  • მთლიანობაში მეტ-ნაკლებად სახიფათო გართულებების ალბათობა 0,1%-ზე ნაკლებია.
  • არითმიის დიაგნოსტიკა და მისი მექანიზმის გარკვევა
  • გონების დაკარგვის (სინკოპე) ზოგიერთი მიზეზის დადგენა
  • მედიკამენტური თერაპიის სწორად შერჩევა
  • პაციენტის რისკების, მათ შორის უეცარი კარდიული სიკვდილის რისკის განსაზღვრა
  • შემდგომი ჩარევის (პეისემეიკერის ჩანერგვა, კარდიოვერტერ დეფიბრილატორის ჩანერგვა ან აბლაცია) საკითხის გადაწყვეტა.

 

გახსოვდეს: 

  • ელექტროფიზიოლოგიური კვლევის ჩატარებამდე შესაძლოა საჭირო იყოს ზოგიერთი პრეპარატის შეწყვეტა. ამის შესახებ ინფორმაციას ექიმისგან მიიღებთ
  • ელექტროფიზიოლოგიური კვლევის დღეს კლინიკაში მიბრძანდით უზმოდ. სასურველია პროცედურამდე 6-8 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები და სითხე. მცირე რაოდენობის წყლის მიღება დასაშვებია.
  • ელექტროფიზიოლოგიური კვლევის შემდეგ 3-4 დღის განმავლობაში, საჭიროა გარკვეული რეჟიმის დაცვა. კერძოდ, არ არის რეკომენდებული დიდი ფიზიკური დატვირთვა და ფეხით ხანგრძლივი სიარული.

 

ზვიად მათოშვილი