ცხოვრება ვარფარინით

თანამედროვე კარდიოლოგიაში ვარფარინი საკმაოდ ხშირად გამოიყენება. პაციენტები უნდა ფლობდნენ საკმარის ინფორმაციას ვარფარინის შესახებ, რათა ეს პრეპარატი გამოყენებულ იქნას უსაფრთხოდ და ეფექტიანად.

SHARE

ზვიად მათოშვილი. ზვიად მათოშვილი. ზვიად მათოშვილი

 

ცხოვრება ვარფარინით

 

ვარფარინი (კუმადინი) არის მედიკამენტი რომელიც ინიშნება თრომბის წარმოქმნის და უკვე წარმოქმნილი თრომბის ზრდის პროფილაქტიკისთვის. „სასარგებლო“ თრომბი ახდენს სისხლდენის პროფილაქტიკას, ხოლო „საშიშ“ თრომბს შეუძლია ინსულტის, ინფარქტის, ღრმა ვენების თრომბოზის ან ფილტვის არტერიის თრომბოზის გამოწვევა. რადგან ვარფარინი აფერხებს თრომბის წარმოქმნას, ამიტომ ეწოდება ანტიკოაგულანტი ანუ შედედების საწინააღმდეგო წამალი. ზოგადად, ანტიკოაგულანტებს ხალხი „სისხლის გამათხელებლებს“ ეძახის. 

როგორ მოქმედებს ვარფარინი?

თრომბის ფორმირება არის რთული პროცესი, რომელშიც მონაწილეობს მრავალი ნივთიერება, ე.წ. შედედების ფაქტორები. ვარფარინი ვიტამინ K-ს წარმოქმნის ბლოკირებით ამცირებს ორგანიზმში თრომბის წარმოქმნის უნარს. ვიტამინი K საჭიროა შედედების ფაქტორების წარმოქმნის და სისხლდენის პროფილაქტიკისთვის. აქედან გამომდინარე, ასეთი მედიკამენტის (ვარფარინის) საშუალებით თქვენს ორგანიზმში ხდება საშიში თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკა და უკვე წარმოქმნილი თრომბების ზრდის შეჩერება.

რა არის PT/INR და როგორ ხდება მისი გაზომვა (განსაზღვრა)?

INR არის საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა, რომელიც განსაზღვრავს რამდენად სწრაფად დედდება თქვენი სისხლი და ის ზომავს ვარფარინის ეფექტურობას სისხლის გათხელების თვალსაზრისით. INR-ის განსაზღვრა შეიძლება როგორც ლაბორატორიაში, ისე სპეციალური აპარატების საშუალებით (სახლის პირობებში).

  • თუ პაციენტი არ იღებს სისხლის გამათხელებელ მედიკამენტს, მისი INR არის დაახლოებით 1 (0,9-1,2). წინაგულთა ფიბრილაციის დროს ინსულტის რისკის შესამცირებლად საჭიროა სისხლის გათხელება ნორმალურთან შედარებით 2-3-ჯერ.
  • ეს ნიშნავს რომ სისხლის შედედება ხდება 2-3-ჯერ უფრო გვიან, ვიდრე მკურნალობის გარეშე.
  • თუ თქვენ გაქვთ მოციმციმე არითმია (წინაგულთა ფიბრილაცია) და თრომბის წარმოქმნის რისკ ფაქტორები თქვენი INR უნდა იყოს 2-3
  • თუ თქვენ გაქვთ მოციმციმე არითმია, თრომბის წარმოქმნის რისკ-ფაქტორები და თქვენი სისხლი სქელია (INR 2-ზე ნაკლებია), თქვენ გაქვთ იშემიური ინსულტის განვითარების მომატებული რისკი
  • თუ თქვენი სისხლი სასურველზე მეტად თხელია (INR 3-ზე მეტია), იზრდება სისხლდენის რისკი.
  • ვარფარინის მიღების დაწყებისას რეკომენდებულია INR-ის განსაზღვრა 5-7 დღეში ერთხელ (ან უფრო ხშირად). მას შემდეგ რაც INR-ის მაჩვენებელი მიაღწევს თერაპიულ ნორმას, INR-ის კონტროლის სიხშირე მცირდება. სტაბილური მონაცემების პირობებში INR-ის გაზომვა უნდა განხორციელდეს 2-4 კვირაში ერთხელ.
  • დაიმახსოვრეთ, მნიშვნელოვანია, რომ თქვენი INR შეინარჩუნოთ 2-დან 3-მდე შუალედში.

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ PT/INR შევინარჩუნოთ სასურველ დონეზე?

იმისათვის რომ ვარფარინმა იმოქმედოს ეფექტურად, მნიშვნელოვანია რომ საკვების სახით ჭარბად არ მივიღოთ  ვიტამინ K-ს შემცველ პროდუქტს. ვიტამინი K-ს მიღების სწრაფი გაზრდით შესაძლოა შევასუსტოთ ვარფარინის ეფექტი. მეორე მხრივ, ვიტამინი K-ს მიღების მკვეთრმა დაქვეითებამ შესაძლოა გაზარდოს ვარფარინის მოქმედების ეფექტი.

იმისათვის რომ შევინარჩუნოთ INR/PT სტაბილურად რეკომენდებულ დონეზე, მნიშვნელოვანია:

  • მივიღოთ ვარფარინის სწორი დოზა ყოველდღე, ერთსადაიმავე დროს
  • გავიკეთოთ INR/PT-ს ანალიზი რეგულარულად
  • შევინარჩუნოთ ვიტამინ K-ს საკვებიდან მიღება თანაბრად, ყოველდღე

იმისათვის რომ შევინარჩუნოთ ვიტამინ K-ს მიღება ერთ დონეზე:

  • მკვეთრად შევზღუდოთ ვიტამინი K-ს „ჭარბი შემცველობის“ პროდუქტების მიღება
  • შევზღუდოთ ვიტამინი K-ს „ზომიერად ჭარბი შემცველობის“ პროდუქტების მიღება
  • აცნობეთ თქვენს ექიმს თქვენს დიეტაში ან წონაში ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილება

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,

  • აკონტროლეთ, რამდენად ხშირად მიირთმევთ ვიტამინი K-ს შემცველ საკვებს
  • აკონტროლეთ, რა რაოდენობით მიირთმევთ ვიტამინი K-ს შემცველ საკვებს

ვიტამინი K და ვარფარინი

მწვანე ფოთლებიანი ბოსტნეული ვიტამინი K-ს ყველაზე მდიდარი წყაროა. ამერიკაში ვიტამინი K-ს საშუალო მოხმარება 1 ზრდასრულ ადამიანზე დღეში 70-80 მიკროგრამია. ადამიანის დღიური მოთხოვნილება K ვიტამინის მიმართ დაახლოებით 80 მიკროგრამია.

როგორც ქვემოთაა მოცემული, INR/PT-ს სასურველ დონეზე შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია იმ საკვები პროდუქტების მიღების შეზღუდვა, რომლებშიც K ვიტამინის მაღალი და საშუალო შემცველობაა.

K ვიტამინის მაღალი შემცველობა

ოხრახუში, ისპანახი, ქინძი, ბრიუსელის კომბოსტო, მწვანე სალათის ფოთლები, მწვანეხახვი, ბროკოლი, კომბოსტო, სოიო, სოიოს ზეთი, ხბოს ღვიძლი, სატაცური, მწვანე ჩაი

K ვიტამინის საშუალო შემცველობა

ბეკონი, ყველი, ნაღების კარაქი, მარგარინი, მაიონეზი, ზეითუნის ზეთი, სიმინდის ზეთი, თინუსი,   ღორის   ღვიძლი,   კივი,   ყვავილოვანი   კომბოსტო,   კარტოფილი,   ჰერკულესი, ბატიბუტი, მწვანე ბარდა

K ვიტამინის დაბალი შემცველობა

ლორი,   მწვანე   ლობიო,   სტაფილო,   მარწყვი,   გოგრა,   პრასი,   ვაშლი,   ბანანი, ფორთოხალი, ყურძენი, შავი ქლიავი, კიტრის მწნილი, შემწვარი კვერცხი, ხბოს ფარში, ქათმის   ღვიძლი,   ძროხის   ხორცი,  პომიდორი,   ძროხის   რძე,   სკუმბრია, თეთრი   პური, თევზის ფილე, ქათმის ხორცი, ბატკნის ხორცი, მჭადი, ფენოვანი ცომი

რა უნდა იცოდეთ ვარფარინის შესახებ?

 

ალკოჰოლური სასმელები

ალკოჰოლის 1-2 სასმელ-ულუფაზე მეტმა შესაძლოა გაზარდოს ვარფარინის ეფექტი. აქედან გამომდინარე, ზოგიერთი ექიმი ურჩევს ვარფარინზე მყოფ მის პაციენტს რომ საერთოდ არ მიიღონ ალკოჰოლი. აღნიშნული საკითხი პაციენტმა უნდა განიხილოს მის ექიმთან ინდივიდუალურად.

1 სასმელი-ულუფა = 150 მლ ღვინო

1 სასმელი-ულუფა = 350 მლ ლუდი

1 სასმელი-ულუფა = 45 მლ ლიქიორი

დიეტური დანამატები და მცენარეული მედიკამენტები

INR/PT-ს შეცვლა შეუძლია მრავალ დიეტურ დანამატს. ასეთებია: არნიკა, მოცვი, დათვის კენკრა (დათვიმარწყვა), ველური გვირილა), ნიორი, კოჭა, გინკო, ცხენის წაბლი, ძირტკბილა, სამკურნალო ძიძო (ტკბილი სამყურა), წითელი სამყურა, კრაზანა, ტირიფის ქერქი, ჯეჯილი (ხორბლის).

დიეტური დანამატების შესახებ ბევრი რამ უცნობია. უმჯობესია, ვარფარინის თერაპიაზე მყოფმა პაციენტებმა დაიცვან უსაფრთხოების წესები და არ მიიღონ საკვები დანამატები ექიმის თანხმობის გარეშე. ეს ეხება ვიტამინების/მინერალების დანამატებსაც, რომელთა შემადგენლობაში შედის K ვიტამინი. აღნიშნული დანამატების დროგამოშვებით მიღება უფრო მეტად პრობლემურია ვიდრე ყოველდღიური მიღება.

E ვიტამინის შემცველი დანამატები

გამოცდილება აჩვენებს რომ E ვიტამინს აქვს სისხლის გათხელების უნარი. დღეში 1000 ს.ე-ზე მეტი რაოდენობით E ვიტამინის მიღებამ შესაძლოა გაზარდოს სისხლდენის რისკი. კვლევების მიხედვით შესაძლებელია ითქვას რომ კუმადინის (ვარფარინის) მირების დროს, დღეში 800 ს.ე-მდე E ვიტამინის მიღება უსაფრთხოა, მაგრამ მტკიცებულებები არ არის ცალსახა და საბოლოოდ ჩამოყალიბებული. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია პაციენტმა რჩევა მიიღოს ექიმისგან.

ანტიბიოტიკები

ზოგიერთმა ანტიბიოტიკმა შესაძლოა დააქვეითოს ორგანიზმში K ვიტამინის რაოდენობა, ან ხელი შეუშალოს უშუალოდ ვარფარინის მოქმედებას. ანტიბიოტიკების მიღებისას პაციენტი უნდა შეუთანხმდეს მის ექიმს, მოაწესრიგოს (შეცვალოს) K ვიტამინის მიღება თუ შეცვალოს ვარფარინის დოზა.

3 ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა ახსოვდეს პაციენტს ვარფარინის და K ვიტამინის შესახებ

  • ვარფარინი ძალიან მნიშვნელოვანი წამალია პაციენტისთვის. პაციენტმა ზედმიწევნით სწორად უნდა შეასრულოს დანიშნულება და გაიკეთოს INR/PT ანალიზები იმ სქემით, რომელსაც დაუდგენს ექიმი.
  • ვარფარინი მოქმედებს ადამიანის ორგანიზმში არსებულ K ვიტამინთან. აქედან გამომდინარე, პაციენტმა უნდა შეინარჩუნოს ყოველდღიურად მიღებული K ვიტამინის რაოდენობა მუდმივად ერთ დონეზე. ასევე მნიშვნელოვანია პაციენტი მოერიდოს მცენარეულ (მწვანე ფოთლებს) საკვებს და საკვებ დანამატებს, თუ ეს არ იქნება ნებადართული კვალიფიციური ექიმის მიერ.
  • ჩაინიშნეთ თქვენი ექიმის, ფარმაცევტის და რეგისტრირებული დიეტოლოგის ტელეფონის ნომერი, რათა დაუსვათ კითხვა ვარფარინის, K ვიტამინის ან INR/PT-ს შესახებ.