მოციმციმე არითმიის აბლაცია

მოციმციმე არითმია დამოუკიდებლად ზრდის სიკვდილობას 1,5-2ჯერ. მედიკამენტური მკურნალობით ამ რისკის რეალური შემცირება ვერ ხერხდება. სწორედ ამიტომ, მოციმციმე არითმიის მქონე პაციენტების დიდ ნაწილთან რეკომენდებულია აბლაცია

SHARE

მოციმციმე არითმიის (წინაგულთა ფიბრილაციის) კათეტერული აბლაცია

  

გული და მისი ელექტრული სისტემა

გული შედგება ორი წინაგულისა და ორი პარკუჭისგან.   გულის მუშაობას მისი საკუთარი ელექტრული სისტემა განაგებს. გულის თითოეულ შეკუმშვას თითო ელექტრული იმპულსი იწვევს, რომლებიც ეგრეთ წოდებულ სინუსის კვანძში (გულის ბუნებრივ რიტმის წამყვანში) წარმოიქმნება. სინუსის კვანძი სპეციალიზებული უჯრედების ჯგუფია, რომელიც მარჯვენა წინაგულში მდებარეობს. სინუსის კვანძში წარმოქმნილი იმპულსები განსაზღვრავს გულისცემის სიხშირეს. იმპულსი ჯერ მარჯვენა და მარცხენა წინაგულის კედლებზე ვრცელდება და მათ შეკუმშვას იწვევს, რის შედეგადაც სისხლი წინაგულებიდან პარკუჭებში გადადის. ამის შემდეგ იმპულსი აღწევს ატრიო-ვენტრიკულურ (ავ) კვანძს, რომელიც ერთგვარი ელექტრული კარიბჭეა წინაგულებსა და პარკუჭებს შორის. აქ იმპულსი სულ მცირე ხნით ყოვნდება, ვიდრე პარკუჭებისკენ გავრცელდებოდეს. ავ-კვანძიდან პარკუჭებისკენ იმპულსი სპეციალური ბოჭკოების საშუალებით ტარდება, რომელთაც ჰის-პურკინიეს სისტემა ეწოდება. ბოჭკოების ამ ქსელის საშუალებით იმპულსი პარკუჭების კედლებზე ვრცელდება და მათ შეკუმშვას იწვევს, რის შედეგადაც სისხლი პარკუჭებიდან სხეულის სხვადასხვა ორგანოებისკენ გადაისროლება. სინუსის კვანძი ახალ იმპულსს გამოიმუშავებს და ყველაფერი თავიდან იწყება.

 

მოციმციმე არითმია (წინაგულთა ფიბრილაცია)

მოციმციმე არითმია არითმიის ყველაზე გავრცელებული სახეა. ამ არითმიის დროს წინაგულებში ძალიან სწრაფი (დაახლოებით 600/წუთში) და ქაოსური ელექტრული აქტივობა ვითარდება, რაც იწვევსსწრაფ და არარეგულარულ გულისცემას.ყველაზე ხშირი სიმპტომებია გულის ფრიალი, ადვილად დაღლა, ჰაერის უკმარისობა გაბრუება და ა.შ.

მოციმციმე არითმიის დროს გულისცემა უხშირესად ჩქარია, თუმცა შესაძლოა იყოს ნორმალური, ან ნელი.

მოციმციმე არითმიის დროს იზრდება სახიფათო გართულებების (გულის უკმარისობა, თრომბოემბოლია) რისკი. ამ არითმიის ერთ-ერთი გავრცელებული და სახიფათო გართულებაა თავის ტვინის ინსულტი. ამ გართულების თავიდან ასაცილებლად საჭიროა სისხლის შედედების დამაქვეითებელი (ე.წ. სისხლის „გამათხელებელი“) მედიკამენტის გამოყენება.

მოციმციმე არითმიის განვითარების კონკრეტული მიზეზი უცნობია, თუმცა ნანახია, რომ მოციმციმე არითმია ხშირად იწყება გულის რიგგარეშე, ზედმეტი დარტყმებით (ექსტრასისტოლებით), რომლებიც ძირითადად ფილტვის ვენებიდან მომდინარეობს. ეს ვენები გულის ერთ-ერთი კამერის, მარცხენა წინაგულის უკანა კედელს უერთდება. აქედან გამომდინარე, წინაგულთა ფიბრილაციის სამკურნალო კათეტერული აბლაციის ძირითადი სამიზნე სწორედ ფილტვის ვენებია.

მოციმციმე არითმია დამოუკიდებლად ზრდის სიკვდილობის რისკებს. ამ არითმიის დროს ქალების სიკვდილობა 2-ჯერ, ხოლო მამკაცების სიკვდილობა 1,5-ჯერ იზრდება. აღსანიშნავია, რომ მედიკამენტური თერაპიით სიკვდილობის მნიშვნელოვანი შემცირება ვერ ხერხდება. ერთადერთი მკურნალობის მეთოდი, რითაც შეიძლება სიკვდილობის შემცირება და პროგნოზის გაუმჯობესება კათეტერული აბლაციაა.

 

კათეტერული აბლაციის მიმოხილვა

კათეტერული აბლაცია ინვაზიური პროცედურაა. ეს პროცედურა ადგილობრივი ან ზოგადი ანესთეზიით ტარდება. ამ დროს ბარძაყის ან/და ლავიწქვეშა ვენიდან გულში რამდენიმე სპეციალური კათეტერი შეყავთ, რომლებიც უზრუნველყოფენ გულშიდა ელექტრული აქტივობის რეგისტრაციას და სააბლაციო ენერგიის მიწოდებას. მოციმციმე არითმიის აბლაცია როგორც წესი, სპეციალური სამგანზომილებიანი ნავიგაციის სისტემით და/ან სპეციალიზებული კათეტერების საშუალებით ხორციელდება.

მოციმციმე არითმიის აბლაცისთვის ყველაზე ხშირად გამოიყენება რადიოსიხშირული, ან კრიო ენერგია.

კათეტერული აბლაციის დროს ხდება ფილტვის ვენების ელექტრული იზოლაცია გულის დანარჩენი ნაწილებისგან. ზოგ შემთხვევაში დამატებით საჭიროა სხვა უბნების აბლაციაც.

მოციმციმე არითმიის კათეტერული აბლაციის ეფექტურობა (წარმატების სიხშირე) საშუალოდ 70-80%-ია, თუმცა ზოგჯერ შესაძლოა რამდენიმე პროცედურის ჩატარება გახდეს საჭირო.

მოციმციმე არითმიის კათეტერული აბლაციის მიზანია ამ არითმიის დათრგუნვა და არითმიის ეპიზოდების გაქრობა ან შემცირება. აბლაციის შემდეგ ზოგ პაციენტს არითმიის ეპიზოდები აღარ აღენიშნება, ზოგს კი შეიძლება ქონდეს (როგორც წესი, უფრო მსუბუქი ფორმით). ზოგ შემთხვევაში პირველ ხანებში არითმიის ეპიზოდები შეიძლება კვლავ გამოვლინდეს, ვიდრე საბოლოოდ დაითრგუნება. ამიტომ მოციმციმე არითმიის აბლაციის ეფექტურობაზე მსჯელობა მხოლოდ რამდენიმე თვის (საშუალოდ 3 თვის) გასვლის შემდეგ ხდება. ამ პერიოდის გასვლამდე არითმიის ეპიზოდების არსებობის შემთხვევაში ანტიარითმული წამლები გამოიყენება.

 

ხშირად დასმული შეკითხვები

  • შევწყვეტ თუ არა სისხლის „გამათხელებელ“ წამლებს აბლაციის შემდეგ?

ყოველთვის არა. სისხლის გამათხელებელი წამლების შეწყვეტა თქვენს რისკ-ფაქტორებზეა დამოკიდებული და მხოლოდ აბლაციის პროცედურასთან კავშირი არ აქვს.

  • დამჭირდება თუ არა განმეორებითი აბლაცია 

კათეტერული აბლაცია მაღალეფექტური მეთოდია ზოგიერთი პაციენტისთვის არითმიის დათრგუნვის მხრივ. ზოგჯერ საკმარისია ერთი აბლაცია, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა განმეორებითი აბლაცია

რა რისკები ახლავს კათეტერულ აბლაციას

  • წინაგულთა ფიბრილაციის კათეტერული აბლაცია დაბალი რისკის პროცედურაა და გართულები იშვიათად ხდება, თუმცა ამ პროცედურას შეიძლება მოყვეს გართულებები, მათ შორის სიცოცხლისთვის საშიშიც, მაგ.: 
  • ინსულტი
  • გულის კედლის პერფორაცია (გაჩხვლეტა) და გულის ირგვლივ სისხლის ჩადგომა (ტამპონადა), რაც საჭიროებს დაუყოვნებელ პერიოკარდიოცენტეზს (ჩაღვრილი სისხლის ჩხვლეტით გამოღებას) ან ქირურგიულ ოპერაციას.
  • ფილტვის ვენის სტენოზი (შევიწროება)
  • საყლაპავი მილის დაზიანება და საყლაპავსა და გულს შორის ხვრელის წარმოქმნა, რაც უკიდურესად იშვიათია (0-0,25%), თუმცა მაღალი ლეტალობა ახასიათებს.
  • გულის სარქველების დაზიანება
  • კორონარული არტერიის დაზიანება
  • ჰემატომა ნაჩხვლეტი სისხლძარღვის მიდამოში, რაც ძირითადად თავისთავად გაიწოვება და საშიში არ არის.
  • მთლიანობაში ყველა სახის გართულებების ალბათობა 2-4%-ია. სიკვდილობა 0,03%. 

 

გახსოვდეს:

  • კათეტერული აბლაცია არ უტარდება წინაგულთა ფიბრილაციის მქონე ყველა პაციენტს. ასეთი პაციენტის შერჩევა ხდება ექიმის მიერ, პაციენტის მონაცემების და არსებული დარღვევების გათვალისწინებით
  • კათეტერული აბლაცია ყოველთვის წარმატებული არ არის. ზოგჯერ საჭიროა განმეორებითი პროცედურის ჩატარება.
  • კათეტერული აბლაციის დღეს კლინიკაში მიბრძანდით უზმოდ. სასურველია პროცედურამდე 6-8 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები და სითხე. მცირე რაოდენობის წყლის მიღება დასაშვებია.
  • კათეტერული აბლაციის შემდეგ4-5 დღის განმავლობაში, საჭიროა გარკვეული რეჟიმის დაცვა. კერძოდ, არ არის რეკომენდებული დიდი ფიზიკური დატვირთვა და ფეხით ხანგრძლივი სიარული.
  • კათეტერულ აბლაციამდე და მის შემდეგ საჭირო მედიკამენტური თერაპიის შესახებ ინფორმაციას ექიმისაგან მიიღებთ.