მოციმციმე არითმია დამოუკიდებლად ზრდის სიკვდილობას. მოციმციმე არითმიის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი მისი აბლაციაა.
ზვიად მათოშვილი. ზვიად მათოშვილი. ზვიად მათოშვილი
მოციმციმე არითმია
(წინაგულთა ფიბრილაცია)
რა არის მოციმციმე არითმია?
წინაგულთა ფიბრილაცია არის გულის რიტმის დარღვევის სახე, რომელსაც მარტივად მოციმციმე არითმიას უწოდებენ. მოციმციმე არითმიას საფუძვლად უდევს გულის კუნთის შეცვლილი ელექტრული აქტივობა, რაც განაპირობებს გულის არარეგულარულ და არაკოორდინირებულ მუშაობას.
ადამიანის გული შედგება 4 კამერისაგან. ორი ზედა კამერა წინაგულებია, ხოლო ქვედა კამერები პარკუჭები. ამათგან მარჯვენა ზედა და ქვედა კამერა წარმოადგენს მარჯვენა გულს (გულის მარჯვენა ნახევარს), რის საშუალებითაც სისხლი მიეწოდება ფილტვს და მდიდრდება ჟანგბადით. შემდეგ, ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი ჩაედინება გულის მარცხენა ნახევარში, საიდანაც სისხლი მიეწოდება მთელს ორგანიზმს. პარკუჭები ასრულებს ძლიერი ტუმბოს ფუნქციას, მათი შეკუმშვის შედეგად სისხლი გულიდან გამოიტყორცნება დიდ სისხლძარღვებში და შემდეგ ნაწილდება მთელს ორგანიზმში. გულის ზედა და შედარებით სუსტი კამერებია წინაგულები, რომლებიც მხოლოდ უზრუნველყოფენ გულის ქვედა კამერების (პარკუჭების) სისხლით შევსებას, რათა მოამზადონ პარკუჭები შემდეგი შეკუმშვისთვის.
გულის ტუმბოს ფუნქცია ხორციელდება მისი კამერების რიტმული და კოორდინირებული მუშაობით. თუ თქვენ გაქვთ მოციმციმე არითმია, ნორმალური სიგნალები რომლებიც მოდის ბუნებრივი პეისმეიკერიდან (სინუსის კვანძიდან) ვეღარ ახდენენ გავლენას გულის მუშაობაზე.
მოციმციმე არითმიის დროს, იმის ნაცვლად რომ იმპულსები წარმოქმნას სინუსის კვანძმა, იმპულსების წარმოქმნას იწყებს წინაგულის სხვადასხვა ნაწილი (ხშირად არა მხოლოდ ერთი). ამასთან, აღნიშნული იმპულსები არ არის რიტმული და კოორდინირებული, რაც განაპირობებს წინაგულების არასწორ და არაეფექტურ შეკუმშვას და პარკუჭების არარეგულარულ მუშაობას. წინაგულში წარმოქმნილი ყველა იმპულსი ვერ აღწევს პარკუჭებამდე. იმის მიხედვით, რამდენი იმპულსი მიაღწევს პარკუჭებამდე, გულისცემის სიხშირე შეიძლება იყოს ნელი ან აჩქარებული; ჩვეულებრივ მოციმციმე არითმიის დროს აღინიშნება აჩქარებული გულისცემა. ნორმალური სინუსის კვანძი გამოიმუშავებს წუთში 60-90 იმპულსს. წინაგულთა ფიბრილაციის დროს წინაგული გამოიმუშავებს წუთში 600-მდე იმპულსს, ამათგან პარკუჭებამდე აღწევს უფრო ნაკლები. შესაბამისად გული იკუმშება წუთში იმდენჯერ, რამდენი იპულსიც მიაღწევს პარკუჭებამდე.
მოციმციმე არითმიის დროს წინაგული ვერ იკუმშება ეფექტურად (პრაქტიკულად არ იკუმშება), წინაგულის კედელი მხოლოდ ირხევა. ასეთ ვითარებაში წინაგულები ვერ ახერხებენ სისხლისგან დაცლას (პარკუჭებში სისხლის გადასროლას) და იქმნება წინაგულებში სისხლის შეგუბების და თრომბის წარმოქმნის პირობები. ზოგჯერ შესაძლოა მოხდეს წინაგულიდან თრომბული მასის გადასროლა და რომელიმე ორგანოს არტერიის დახშობა, რაც იწვევს სერიოზულ გართულებებს, მაგალითად ინსულტს.
დიაგრამა 1.
ასაკის მატებასთან ერთად წინაგულთა ფიბრილაციის მქონე პაციენტების რიცხვის მატება.
რამდენად ხშირია მოციმციმე არითმია?
მოციმციმე არითმია ყველაზე გავრცელებული არითმიაა. მისი განვითარების რისკი იზრდება ასაკთან ერთად (იხ. გრაფიკული გამოსახულება - დიაგრამა 1). მოციმციმე არითმია შედარებით იშვიათია 50 წელს ქვემოთ ასაკში. სამაგიეროდ, 50 წლის ზემოთ მისი განვითარების ალბათობა ყოველ 10 წელიწადში ორმაგდება. 50-59 წლის ასაკში 200-დან 1 ადამიანს აქვს წინაგულთა ფიბრილაცია, ხოლო 80 წლის შემდეგ 10-დან 1 ადამიანს აქვს წინაგულთა ფიბრილაცია. წინაგულთა ფიბრილაციის რისკი განსაკუთრებით იზრდება 65 წლის შემდეგ; 65 წლის ზემოთ ასაკის 20-დან 1 ადამიანს აქვს წინაგულთა ფიბრილაცია. ორი კვლევის მიხედვით, რომელთაგან ერთი ჩატარდა ევროპაში და მეორე - აშშ-ში, 40 წლის ზემოთ 4-დან 1 ადამიანს ჰქონია წინაგულთა ფიბრილაცია ცხოვრებაში ერთხელ მაინც.
ბრიტანეთში, ჯანმრთელობის ეროვნული სერვისის ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2011 წელს ქვეყნის მასშტაბით წინაგულთა ფიბრილაციით დაავადებული იყო 1 მილიონამდე ადამიანი. ამერიკაში, 2.6 მილიონ ამერიკელს აქვს წინაგულთა ფიბრილაცია. ეს შთამბეჭდავი ციფრები ჯეროვნად მაინც ვერ ასახავს მოციმციმე არითმიის რეალურ გავრცელებას, რადგან ზოგჯერ პაციენტები ვერ გრძნობენ რომ აქვთ მოციმციმე არითმია და აღნიშნული არითმიის გამოვლინდება ხოლმე გეგმიური გასინჯვისას.
არსებობს თუ არა რამდენიმე სახის მოციმციმე არითმია?
დიახ, არსებობს რამდენიმე ტიპის მოციმციმე არითმია; კლასიფიკაცია ხდება იმის მიხედვით, პაციენტს აღნიშნული არითმია აქვს უწყვეტად თუ მხოლოდ პერიოდულად. ასევე მნიშვნელობა აქვს უწყვეტი არითმიის ხანგრძლივობას.
მოციმციმე არითმიის ტიპი | აღწერა |
ახლად დიაგნოსტირებული მოციმციმე არითმია | თავდაპირველად ყველა პაციენტი ამ კატეგორიაში ხვდება, მიუხედავად სიმპტომების სიმწვავისა და არითმიის ხანგრძლივობისა |
პაროქსიზმული მოციმციმე არითმია | მოციმციმე არითმიის რამდენიმე ან მრავლობითი ეპიზოდი, რომელიც გრძელდება 48 საათზე მცირე ხანს და იხსნება თავისთავად. მიუხედავად ამისა, არითმიის ეპიზოდი ზოგჯერ შეიძლება გაგრძელდეს 7 დღემდე. |
პერსისტენტული მოციმციმე არითმია | მოციმციმე არითმიის ეპიოდი გრდება 7 დღეზე მეტხანს ან ეპიზოდის მოხსნა ხდება მედიკამენტით |
გახანგრძლივებული პერსისტენტული მოციმციმე არითმია | 1 წელზე მეტი ხანგრძლივობის ეპიზოდი; როდესაც არსებობს ნორმალური სინუსური რიტმის აღდგენის შესაძლებლობა. |
პერმანენტული (მუდმივი) მოციმციმე არითმია | 1 წელზე მეტი ხანგრძლივობის ეპიზოდი; როდესაც პაციენტი და მისი ექიმი იღებს არითმიის დატოვების გადაწყვეტილებას. |
რა იწვევს მოციმციმე არითმიას?
არსებობს მრავალი ფაქტორი რასაც შეუძლია ხელი შეუწყოს მოციმციმე არითმიის განვითარებას, მაგრამ არ არსებობს რომელიმე გამორჩეული ფაქტორი რომელიც ერთმნიშვენლოვნად შეიძლება იწვევდეს აღნიშნულ არითმიას. მოციმციმე არითმიის რისკები იზრდება ასაკთან ერთად და თანაბარი სიხშირით ვითარდება მამაკაცებში და ქალებში. ის ხშირად ასოცირებულია გულის სხვა პრობლემებთან, როგორიცაა გულის შეტევა (სტენოკარდია, ინფარქტი), გულის უკმარისობა და გულის სარქვლოვანი დაავადება. მოციმციმე არითმია ასევე ხშირია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის, დიაბეტის და/ან არტერიული ჰიპერტენზიის (მაღალი წნევის) დროს (იმ შემთხვევაშიც კი, როცა ჰიპერტენზია გაკონტროლებულია მედიკამენტებით), და ფილტვის ზოგიერთი დაავადების დროს, როგორიცაა პნევმონია, ფილტვის კიბო და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია (ფილტვში სისხლის კოლტი). ეს არითმია ასევე ხშირია ობსტრუქციული ძილის აპნოეს დროს (ძილის დროს სუნთქვის გაჩერება). ალკოჰოლის ჭარბი მიღება თამბაქოსა და ნარკოტიკების მოხმარება ასევე დაკავშირებულია მოციმციმე არითმიაის მაღალ რისკთან.
ზოგიერთ პაციენტთან არ არსებობს წინაგულთა ფიბრილაციის (მოციმციმე არითმიის) განვითარების რაიმე გამოკვეთილი მიზეზი. აღნიშნულ არითმიას უწოდებენ “Lone AF” “ეულ მოციმციმე არითმიას“ ანუ მოციმციმე არითმიას, რომელსაც საფუძვლად არ უდევს გულის რაიმე დაავადება.
მოციმციმე არითმიის რისკ-ფაქტორები:
რამდენად სერიოზული პრობლემაა მოციმციმე არითმია?
მოციმციმე არითმიამ შესაძლოა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი დისკომფორტი (განსაკუთრებით სხვა დაავადებების თანაარსებობისას) და ამგვარად შეამციროს შრომისუნარიანობა და ცხოვრების ხარისხი. მოციმციმე არითმიის დროს გულის ტუმბოს ფუნქცია დარღვეულია, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გულის უკმარისობა და გააუარესოს ცხოვრების ხარისხი, გაზარდოს კლინიკაში მოხვედრის ალბათობა და შეცვალოს ადამიანის ცხოვრების მოლოდინები და გეგმები.
მოციმციმე არითმიამ შესაძლოა გამოიწვიოს მრავალი სერიოზული გართულება. ეს შესაძლო გართულებებია:
მოციმციმე არითმიის ყველაზე ხშირი და სერიოზული გართულებაა ინსულტი. მოციმციმე არითმიის მქონე პაციენტებს აქვთ ინსულტის განვითარების 5-ჯერ მეტი ალბათობა.
მოციმციმე არითმია დამოუკიდებლად ზრდის სიკვდილობას. ამ დროს ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილობა ქალებში 2-ჯერ, ხოლო მამაკაცებში 1,5-ჯერ იზრდება.
იკურნება თუ არა წინაგულთა ფიბრილაცია?
ბევრ პაციენტთან მოციმციმე არითმიის პირველი ეპიზოდი უბრუნდება ნორმალურ სინუსურ რიტმს მკურნალობით, ან მკურნალობის გარეშე. თუმცა, რადგან წინაგულთა ფიბრილაცია ერთხელ განვითარდა, ეს ნიშნავს რომ პაციენტს აქვს მიდრეკილება და შეიძლება კვლავ დაემართოს აღნიშნული არითმია. მედიკამენტებით შესაძლებელია რეციდივების შემცირება, მაგრამ როგორც წესი სრული განკურნება არ ხდება.
მოციმციმე არითმიის მქონე პაციენტების უმრავლესობის მკურნალობა შესაძლებელია ენდოკარდიული კათეტერული აბლაციის საშუალებით. აღნიშნული პროცედურის დროს ბარძაყის სისხლძარღვებიდან გულში შეყვანილი კათეტერებით ხდება გულის არითმოგენული უბნის მოშორება (აბლაცია) მისი გაცხელებით, ან გაყინვით. ამის მიუხედავად აბლაციის ჩატარება ყველა პაციენტთან არ არის რეკომენდებული; ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს აბლაციის რამდენჯერმე ჩატარება.
ზოგიერთ პაციენტთან, რომლებთანაც იგეგმება გულის ქირურგიული ოპერაცია სხვა მიზეზით (მაგალითად, სარქვლების ოპერაცია), შესაძლოა ოპერაციული მეთოდით მოხდეს აღნიშნული არითმიის მკურნალობა.
სამწუხაროდ, პაციენტებს რომლებთანაც არ ჩატარებულა ეფექტური აბლაცია, ან ქირურგიული მკურნალობა, მუდმივად ან პერიოდულად შეაწუხებს მოციმციმე არითმია.