პეისმეიკერის იმპლანტაცია

გულისცემის მნიშვნელოვანი შენელება სიცოცხლისათვის სახიფათოა. პეისმეიკერის საშუალებით ხდება გულის შენელებული გულისცემის გამოსწორება.

SHARE

ზვიად მათოშვილი. ზვიად მათოშვილი. ზვიად მათოშვილი

 

პეისმეიკერის / კარდიოსტიმულატორის იმპლანტაცია

 

როგორ მუშაობს გული

გული შედგება ორი წინაგულისა და ორი პარკუჭისგან.   გულის მუშაობას მისი საკუთარი ელექტრული სისტემა განაგებს. გულის თითოეულ შეკუმშვას თითო ელექტრული იმპულსი იწვევს, რომლებიც ეგრეთ წოდებულ სინუსის კვანძში (გულის ბუნებრივ რიტმის წამყვანში) წარმოიქმნება. სინუსის კვანძი სპეციალიზებული უჯრედების ჯგუფია, რომელიც მარჯვენა წინაგულში მდებარეობს. სინუსის კვანძში წარმოქმნილი იმპულსები განსაზღვრავს გულისცემის სიხშირეს. იმპულსი ჯერ მარჯვენა და მარცხენა წინაგულის კედლებზე ვრცელდება და მათ შეკუმშვას იწვევს, რის შედეგადაც სისხლი წინაგულებიდან პარკუჭებში გადადის. ამის შემდეგ იმპულსი აღწევს ატრიო-ვენტრიკულურ (ავ) კვანძს, რომელიც ერთგვარი ელექტრული კარიბჭეა წინაგულებსა და პარკუჭებს შორის. აქ იმპულსი სულ მცირე ხნით ყოვნდება, ვიდრე პარკუჭებისკენ გავრცელდებოდეს. ავ კვანძიდან პარკუჭებისკენ იმპულსი სპეციალური ბოჭკოების საშუალებით ტარდება, რომელთაც ჰის-პურკინიეს სისტემა ეწოდება. ბოჭკოების ამ ქსელის საშუალებით იმპულსი პარკუჭების კედლებზე ვრცელდება და მათ შეკუმშვას იწვევს, რის შედეგადაც სისხლი პარკუჭებიდან სხეულის სხვადასხვა ორგანოებისკენ გადაისროლება. სინუსის კვანძი ახალ იმპულსს გამოიმუშავებს და ყველაფერი თავიდან იწყება.

 

„ბუნებრივი პეისმეიკერის“, ან გულის გამტარი სისტემის დაზიანების შემთხვევაში გულისცემის სიხშირე მცირდება, ამას შესაძლოა ბევრი გართულება მოჰყვეს, მათ შორის გონების დაკარგვა და ადამიანის სიკვდილი.

 

სინუსის კვანძისა და გულის გამტარი სისტემის დაზიანების შემთხვევაში აუცილებელია ხელოვნური პეისმეიკერის (სტიმულატორის) ჩანერგვა (იმპლანტაცია), რათა აღდგეს გულისცემის ნორმალური სიხშირე და ორგანიზმის სისხლით მომარაგება.

 

რა არის პეისმეიკერი

ხელოვნური პეისმეიკერი მცირე (დაახლოებით 3-4სმ) ზომის აპარატია. ის შედგება კომპიუტერული ნაწილისა და ბატარეისგან. პეისმეიკერის სისტემის შემადგენელი ნაწილია ელექტროდი, რომლის მეშვეობითაც ის გულის გარკვეულ ნაწილს უკავშირდება.

 

როგორ ტარდება ოპერაცია

პეისმეიკერის ჩასანერგად დიდი ქირურგიული ჩარევა არ არის საჭირო. ამ ოპერაციის დროს ლავიწის ძვლის ქვემოთ (მარცხენა ან მარჯვენა მხარეს) კეთდება დაახლოებით 4სმ სიგრძის განაკვეთი და ამ მიდამოში ხდება პეისმეიკერის მოსათავსებელი ადგილის, ე.წ. „ჯიბის“ ფორმირება.

ლავიწქვეშა ვენის გავლით, რენტგენოსკოპიის კონტროლით ხდება ელექტროდის, ან ელექტროდების გულში შეყვანა და სათანადო ადგილებში დამაგრება. ელექტროდის მეორე დაბოლოება პეისმეიკერს უერთდება, შემდეგ ჭრილობა იკერება და ოპერაცია სრულდება. სტანდარტულად ოპერაცია ტარდება ადგილობრივი გაუტკივარებით ზოგადი ანესთეზიის გარეშე. ოპერაციის ხანგრძლივობა დაახლოებით 1 საათია. სტანდარტულ შემთხვევაში ოპერაციის შემდეგ პაციენტი კლინიკაში რჩება ერთი დღე-ღამე. პეისმეიკერის მუშაობის ხანგრძლივობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და საშუალოდ 8-10 წელია. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ, ხდება პეისემიკერის გამოცვლა.

 

პეისმეიკერის ტიპები

არსებობს ერთკამერიანი, ორკამერიანი და სამკამერიანი ანუ ბივენტრიკულური პეისმეიკერი. ერთკამერიან პეისმეიკერს აქვს ერთი ელექტროდი, რომელიც გულის ერთ კამერაში (მარჯვენა წინაგულში ან მარჯვენა პარკუჭში) მაგრდება. ორკამერიანი პეისმეიკერი ორი ელექტროდით უკავშირდება როგორც მარჯვენა წინაგულს, ისე მარჯვენა პარკუჭს. ბივენტრიკულური პეისმეიკერი (იგივე რესინქრონიზატორი) სამი ელექტროდის საშუალებით უკავშირდება გულს (მარჯვენა წინაგულს, მარჯვენა პარკუჭს და მარცხენა პარკუჭს). ეს უფრო რთული მოწყობილობაა და გამოიყენება გულის უკმარისობის მქონე პაციენტებთან გულის კუმშვადი ფუნქციის გაუმჯობესებისთვის.

 

პეისმეიკერს შესაძლოა ჰქონდეს სიხშირის ადაპტაციის ფუნქცია. ასეთ აპარატებს შეუძლიათ დამოუკიდებლად შეცვალონ გულისცემის სიხშირე პაციენტის აქტივობისა და მდგომარეობის მიხედვით.

 

პეისმეიკერის სახეს ირჩევს ექიმი პაციენტის დიაგნოზის და მონაცემების გათვალისწინებით.

 

როდის გამოიყენება პეისმეიკერი

ჩვეულებრივი პეისმეიკერი (ერთკამერიანი და ორკამერიანი) გამოიყენება გულისცემის სიხშირის დაქვეითებისას და გულის შეკუმშვებს შორის პაუზების განვითარების დროს. ბივენტრიკულური პეისმეიკერი კი გამოიყენება გულის უკმარისობის მქონე პაციენტების გარკვეულ ჯგუფთან.

 

რა რისკები ახლავს პეისმეიკერის იმპლანტაციას

ჩვეულებრივ, პეისმეკერის იმპლანტაცია საკმაოდ უსაფრთხოა, თუმცა როგორც ყველა ქირურგიულ ჩარევას, მასაც შეიძლება მოჰყვეს გართულებები. ეს გართულებები შეიძლება იყოს როგორც უმნიშვნელო და ადვილად გადასატანი, ასევე სიცოცხლისათვის საშიშიც. გართულებების განვითარების ალბათობის მიხედვით ისინი შედარებით ხშირ და იშვიათ გართულებებად იყოფიან:

შედარებით ხშირი (10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში)

  • მცირე ტკივილი და შეშუპება ჭრილობის არეში ოპერაციიდან რამდენიმე დღის განმავლობაში

 

იშვიათი (100-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)

  • გულის რიტმის მნიშვნელოვანი დარღვევა პეისმეკერის იმპლანტაციის დროს, რომელმაც შეიძლება მოითხოვოს რეანიმაციული ღონისძიებები
  • პნევმოთორაქსი, რომელმაც ზოგ შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს პლევრის პუნქცია და ჰაერის ასპირაცია
  • პეისმეკერის ელექტროდის დისფუნქცია ან დისლოკაცია, რომელმაც შეიძლება მოითხოვოს განმეორებითი პროცედურა მის ჩასასწორებლად
  • ვენის თრომბოზი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ზედა კიდურის და/ან სახის შეშუპება და მოითხოვოს მკურნალობა ანტიკოაგულანტებით („სისხლის გამათხელებელი“ მედიკამენტებით)
  • ინფექცია პეისმეკერის იმპლანტაციის არეში, რომელმაც შეიძლება მოითხოვოს იმპლანტირებული სისტემის ამოღება და რეიმპლანტაცია სხვა მიდამოში
  • გულის პერფორაცია (გახვრეტა), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გულის ტამპონადა და მოითხოვოს პერიკარდიუმის პუნქცია და/ან გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა
  • ალერგია რომელიმე მედიკამენტზე, რაც შეიძლება გამოიხატოს როგორც მსუბუქი (ქავილი და გამონაყარი კანზე), ასევე მძიმე ანაფილაქსიური რეაქციის სახით.
  • სისხლდენა (არტერიის ან ვენის დაზიანების ან სისხლის შედედების უნარის დაქვეითების შემთხვევაში)
  • ნერვის დაზიანება, რასაც შეიძლება მოჰყვეს ნევრალგიური ტკივილები
  • ჰაეროვანი ემბოლია, როდესაც ჰაერი აღწევს სისხლძარღვის შიგნით და იწვევს რომელიმე სისხლძარღვის დაცობას, რაც ძალზე იშვიათია, მაგრამ ზოგ შემთხვევაში სიცოცხლისათვის საშიში შეიძლება იყოს

მთლიანობაში პეიმეიკერის იმპლანტაციის დროს სიცოცხლისათვის სახიფათო გართულება ძალზედ იშვიათია.

 

გახსოვდეს:

  • ოპერაციის წინა საღამოს უსათუოდ მიიღეთ შხაპი.
  • ოპერაციის დღეს კლინიკაში მიბრძანდით უზმოდ. სასურველია ოპერაციამდე 6-8 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები და სითხე. მცირე რაოდენობის წყლის მიღება დასაშვებია.
  • ოპერაციის შემდეგ საჭიროა გარკვეული რეჟიმის დაცვა. კერძოდ არ არის რეკომენდებული ჭრილობის მხარეს დაწოლა დაახლოებით 2-3 კვირა, სიმძიმეების აწევა და მკლავებით ჩამოკიდება. დეტალურ ინსტრუქციას ექიმისგან მიიღებთ
  • პეისმეიკერის ჩანერგვის შემდეგ პაციენტი საჭიროებს მეთვალყურეობას და პეისმეიკერის ფუნქციის გარკვეული პერიოდულობით შემოწმებას.
  • კონტაქტური სპორტი შესაძლოა გახდეს პეისმეიკერის დაზიანების მიზეზი
  • სტანდარტულად, პეისმეიკერის ჩანერგვის შემდეგ მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის ჩატარება არ შეიძლება. ამავე დროს სხვა სახის გამოკვლევები მაგ. კომპიუტერული ტომოგრაფია, ექოსკოპია, რენტგენოსკოპია და ა.შ. პეისმეიკერისთვის სრულიად უსაფრთხოა. ამასთან არსებობს გარკვეული სახის პეისმეიკერები, რომელთა იმპლანტაციის შემდეგ მაგნიტურ რეზონანსული კვლევა გარკვეული წინაპირობებით დასაშვებია.
  • ელექტრული უსაფრთხოების სისტემამ (მაგ., აეროპორტში) შესაძლოა შექმნას გარკვეული პრობლემა, იმ შემთხვევაში თუ პეისმეიკერის მქონე პაციენტი დიდხანს დგას აღნიშნული სისტემის ქვეშ. აღსანიშნავია, რომ ამ დეტექტორში დროული გავლა (თუნდაც რამდენჯერმე), არანაირ პრობლემას არ ქმნის.
  • მიკროტალღური ღუმელი, მობილური ტელეფონი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა სტანდარტული გამოყენების პირობებში პეისმეიკერის ფუნქციონირებას საფრთხეს არ უქმნის და საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებები ამ მიმართულებით არასწორია. თუმცა ასეთ აპარატურასთან ძალიან მჭიდრო კონტაქტი (მაგალითად მობილური ტელეფონის პეისმეიკერის მიდამოზე მოთავსება) რეკომენდებული არ არის.
  • არ არის რეკომენდებული ელექტრული ბურღის გამოყენება და მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორთან მიახლოება.
  • გარკვეული წესების დაცვაა საჭირო ისეთი სამედიცინო პროცედურების დროს როდესაც გამოიყენება ელექტრო დანა, აგრეთვე შეზღუდულია ლითოტრიფსიის გამოყენება