გულის რესინქრონიზაციული თერაპია

გულის რესინქრონიზაციული თერაპია გულის უკმარისობის მართვის მნიშვნელოვანი მეთოდია. რესინქრონიზაციის მეშვეობით პაციენტთა დიდ ნაწილთან მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია

SHARE

გულის რესინქრონიზაციული თერაპია

  

გულის უკმარისობა

მსოფლიოში მილიონობით ადამიანია დაავადებული გულის უკმარისობით. გულის უკმარისობის ყველაზე ხშირი მიზეზი გულის კუნთის კუმშვადობის დაქვეითებაა. გულის კუნთის კუმშვადობა იზომება ექოკარდიოსკოპიით და ეს მონაცემი მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის სახელითაა ცნობილი. განდევნის ფრაქციის დაქვეითებას თან ახლავს ქვედა კიდურების შეშუპება, უჰაერობა, ადვილად დაღლა და შრომის უნარის დაქვეითება. ასეთი პაციენტები საჭიროებენ ხანგრძლივ მედიკამენტურ თერაპიას, თუმცა მხოლოდ მედიკამენტები ხშირად საკმარისი არ არის. დადგენილია რომ რესინქრონიზატორის იმპლანტაციას შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს გულის უკმარისობის მიმდინარეობაზე.

 

რა არის გულის რესინქრონიზატორი

გულის უკმარისობის მქონე ზოგიერთ ავადმყოფთან გულის ქვედა კამერები (პარკუჭები) ერთდროულად არ იკუმშება, რის გამოც გულს უფრო უჭირს მუშაობა. გულის რესინქრონიზაციულ თერაპიას ასეთი ავადმყოფების დახმარება შეუძლია. რესინქრონიზატორი აწვდის ელექტრულ იმპულსებს გულის როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა პარკუჭს და ახდენს არსებული დისსინქრონიის გამოსწორებას.

რესინქრონიზატორი ბივენტრიკულური პეისმეიკერია, მეორენაირად მას სამკამერიან პეისმეიკერსაც უწოდებენ. ზომით რამდენადმე უფრო დიდია ვიდრე ჩვეულებრივი პეისმეიკერი და მას შესაძლოა ჰქონდეს დეფიბრილაციის ფუნქციაც (ანუ შეეძლოს სახიფათო არითმიების შეწყვეტა). ის შედგება კომპიუტერული ნაწილისა და ბატარეისგან. რესინქრონიზატორის სისტემის შემადგენელი ნაწილია ელექტროდები, რომელთა მეშვეობითაც ის გულის გარკვეულ ნაწილებს უკავშირდება.

რესინქრონიზატორის ჩასანერგად დიდი ქირურგიული ჩარევა არ არის საჭირო. ამ ოპერაციის დროს ლავიწის ძვლის ქვემოთ (მარცხენა ან მარჯვენა მხარეს) 6-7სმ სიგრძის განაკვეთი კეთდება და ამ მიდამოში ხდება აპარატის მოსათავსებელი ადგილის, ე.წ. „ჯიბის“ ფორმირება. ლავიწქვეშა ვენის გავლით, რენტგენოსკოპიის კონტროლით ხდება ელექტროდების გულში შეყვანა და სათანადო ადგილებში დამაგრება. ელექტროდების მეორე დაბოლოება რესინქრონიზატორს უერთდება, შემდეგ ჭრილობა იკერება და ოპერაცია სრულდება. ოპერაციის ხანგრძლივობა 1,5 – 3 საათია. სტანდარტულ პეისმეიკერთან და დეფიბრილატორთან შედარებით რესინქრონიზატორის იმპლანტაციის პროცედურა რთულია, რადგან მარცხენა პარკუჭის ელექტროდის ჩაყენება ხდება ძალიან მცირე ზომის ვენაში.ზოგჯერ ამ ვენის ანატომიური თავისებურებების გამო მარცხენა პარკუჭის ელექტროდის ჩაყენება შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში, ზოგჯერ, მარცხენა პარკუჭზე ელექტროდის მიმაგრება ხდება პარკუჭის კედლის გარედან, ქირურგიული ოპერაციით. რესინქრონიზატორის მუშაობის ხანგრძლივობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და საშუალოდ 6-8 წელია. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ, ხდება რესინქრონიზატორის გამოცვლა.

რესინქრონიზატორის ჩანერგვის შემდეგ პაციენტის კლინიკაში დაყოვნება ხდება მინიმუმ ერთი დღე-ღამის განმავლობაში.შემდეგ ხდება აპარატის პროგრამირება და სათანადო პარამეტრების შერჩევა. პროგრამირება შესაძლებელია გარედან, ყოველგვარი ჩარევის გარეშე.

 

რესინქრონიზატორის ტიპები

არსებობს რესინქრონიზატორი დეფიბრილაციის ფუნქციით და დეფიბრილაციის ფუნქციის გარეშე. დეფიბრილაციის ფუნქციით აღჭურვილ რესინქრონიზატორს შეუძლია სახიფათო არითმიის შეწყვეტა და სიცოცხლის გადარჩენა. დეფიბრილაციის ფუნქციით აღჭურვილი რესინქრონიზატორები გამოიყენება უეცარი კარდიული სიკვდილისგან თავის დასაცავად.

რესინქრონიზატორის სახეს ირჩევს ექიმი პაციენტის დიაგნოზის და მონაცემების გათვალისწინებით.

 

უეცარი კარდიული სიკვდილი

უეცარი სიკვდილი თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი პრობლემაა. ყველა სახის კარდიოლოგიური მიზეზით გამოწვეული სიკვდილობის დაახლოებით ნახევარი უეცარ კარდიულ სიკვდილზე მოდის. ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებული მცდარი შეხედულების მიხედვით ადამიანის უეცარ სიკვდილს ყველაზე ხშირად თრომბოზი და მიოკარდიუმის ინფარქტი იწვევს. სინამდვილეში უეცარი სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზი სიცოცხლისთვის სახიფათო არითმიაა. სწორედ აღნიშნული არითმიის მოსახსნელად და ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად გამოიყენება დეფიბრილაციის ფუნქციით აღჭურვილი აპარატები.

 

რა რისკები ახლავს რესინქრონიზატორის იმპლანტაციას

ჩვეულებრივ, რესინქრონიზატორის იმპლანტაცია საკმაოდ უსაფრთხოა, თუმცა როგორც ყველა ქირურგიულ ჩარევას, მასაც შეიძლება მოჰყვეს გართულებები. ეს გართულებები შეიძლება იყოს როგორც უმნიშვნელო და ადვილად გადასატანი, ასევე სიცოცხლისათვის საშიშიც. გართულებების განვითარების ალბათობის მიხედვით ისინი შედარებით ხშირ და იშვიათ გართულებებად იყოფიან:

 

შედარებით ხშირი (10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში)

  • მცირე ტკივილი და შეშუპება ჭრილობის არეში ოპერაციიდან რამდენიმე დღის განმავლობაში

 

იშვიათი (100-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)

  • გულის რიტმის მნიშვნელოვანი დარღვევა პეისმეკერის იმპლანტაციის დროს, რომელმაც შეიძლება მოითხოვოს რეანიმაციული ღონისძიებები
  • პნევმოთორაქსი (ფილტვის გახვრეტა), რომელმაც ზოგ შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს პლევრის პუნქცია და ჰაერის ასპირაცია
  • ელექტროდის დისფუნქცია ან დისლოკაცია, რომელმაც შეიძლება მოითხოვოს განმეორებითი პროცედურა მის ჩასასწორებლად
  • ვენის თრომბოზი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ზედა კიდურის და/ან სახის შეშუპება და მოითხოვოს მკურნალობა ანტიკოაგულანტებით
  • ინფექცია იმპლანტაციის არეში, რომელმაც შეიძლება მოითხოვოს იმპლანტირებული სისტემის ამოღება და რეიმპლანტაცია სხვა მიდამოში
  • გულის პერფორაცია (გახვრეტა), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გულის ტამპონადა და მოითხოვოს პერიკარდიუმის პუნქცია და/ან გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა
  • ალერგია რომელიმე მედიკამენტზე, რაც შეიძლება გამოიხატოს როგორც მსუბუქი (ქავილი და გამონაყარი კანზე), ასევე მძიმე ანაფილაქსიური რეაქციის სახით.
  • ძლიერი სისხლდენა (არტერიის ან ვენის დაზიანების ან სისხლის შედედების უნარის დაქვეითების შემთხვევაში)
  • ნერვის დაზიანება, რასაც შეიძლება მოჰყვეს ნევრალგიური ტკივილები
  • ჰაეროვანი ემბოლია, როდესაც ჰაერი აღწევს სისხლძარღვის შიგნით და იწვევს რომელიმე სისხლძარღვის დაცობას, რაც ძალზე იშვიათია, მაგრამ ზოგ შემთხვევაში სიცოცხლისათვის საშიში შეიძლება იყოს

მთლიანობაში რესინქრონიზატორის იმპლანტაციის დროს სიცოცხლისათვის სახიფათო გართულება ძალზედ იშვიათია.

 

როდის გამოიყენება რესინქრონიზატორი

რესინქრონიზატორი გამოიყენება როცა:

  • ადეკვატური მედიკამენტური თერაპიის მიუხედავად პაციენტს კვლავ რჩება გულის უკმარისობის ჩივილები
  • პაციენტის გულის კუმშვადობა (განდევნის ფრაქცია) დაქვეითებულია ან/და აღენიშნება გულის კამერების გადიდება / დილატაცია
  • გულის ელექტრულ გამტარ სისტემაში ვლინდება მნიშვნელოვანი დარღვევები (ჰისის კონის მარცხენა, ან მარჯვენა ფეხის ბლოკადა).

 

გახსოვდეს:

  • რესინქრონიზატორი ამცირებს სიკვდილობას და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს
  • მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება აღენიშნება პაციენტების 2/3-თან
  • პაციენტების მცირე ნაწილი არ პასუხობს რესინქრონიზაციულ თერაპიას

 

  • ოპერაციის დღეს კლინიკაში მიბრძანდით უზმოდ. სასურველია ოპერაციამდე 6-8 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები და სითხე. მცირე რაოდენობის წყლის მიღება დასაშვებია. ოპერაციის წინა საღამოს მიიღეთ შხაპი.
  • ოპერაციის შემდეგ საჭიროა გარკვეული რეჟიმის დაცვა. კერძოდ, არ არის რეკომენდებული ჭრილობის მხარეს დაწოლა დაახლოებით 2-3 კვირა, სიმძიმეების აწევა და მკლავებით ჩამოკიდება. დეტალურ ინსტრუქციას ექიმისგან მიიღებთ
  • ოპერაციის შემდეგ პაციენტი საჭიროებს მეთვალყურეობას და რესინქრონიზატორის ფუნქციის გარკვეული პერიოდულობით შემოწმებას.
  • კონტაქტური სპორტი შესაძლოა გახდეს რესინქრონიზატორის დაზიანების მიზეზი
  • სტანდარტულად, რესინქრონიზატორის ჩანერგვის შემდეგ მაგნიტურ რეზონანსული კვლევის ჩატარება არ შეიძლება. ამავე დროს სხვა სახის გამოკვლევები მაგ. კომპიუტერული ტომოგრაფია, ექოსკოპია, რენტგენოსკოპია და ა.შ. სრულიად უსაფრთხოა. ამასთან არსებობს გარკვეული სახის რესინქრონიზატორები რომელთა იმპლანტაციის შემდეგ მაგნიტურ რეზონანსული კვლევა გარკვეული წინაპირობებით დასაშვებია.
  • ელექტრული უსაფრთხოების სისტემამ (მაგ., აეროპორტში) შესაძლოა შექმნას გარკვეული პრობლემა, იმ შემთხვევაში თუ რესინქრონიზატორის მქონე პაციენტი დიდხანს დგას აღნიშნული სისტემის ქვეშ. აღსანიშნავია, რომ ამ დეტექტორში დროული გავლა (თუნდაც რამდენჯერმე), არანაირ პრობლემას არ ქმნის.
  • მიკროტალღური ღუმელი, მობილური ტელეფონი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა სტანდარტული გამოყენების პირობებში რესინქრონიზატორის ფუნქციონირებას საფრთხეს არ უქმნის და საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებები ამ მიმართულებით არასწორია. თუმცა ასეთ აპარატურასთან ძალიან მჭიდრო კონტაქტი (მაგალითად მობილური ტელეფონის კარდიოვერტერ დეფიბრილატორის მიდამოზე მოთავსება) რეკომენდებული არ არის.
  • არ არის რეკომენდებული ელექტრული ბურღის გამოყენება და მაღალი ძაბვის ტრენსფორმატორთან მიახლოება.
  • გარკვეული წესების დაცვაა საჭირო ისეთი სამედიცინო პროცედურების დროს როდესაც გამოიყენება ელექტროდანა, აგრეთვე შეზღუდულია ლითოტრიფსიის გამოყენება.