კარდიოვერსია

ელექტრული კარდიოვერსიით ხდება გულის ჯანმრთელი რითმის აღდგენა. კარდიოვერსია გამოიყენება მოციმციმე არითმიის ანუ წინაგულთა ფიბრილაციის, წინაგულთა თრთოლვის და სხვა არითმიების დროს

SHARE

კარდიოვერსია

ზვიად მათოშვილი. ზვიად მათოშვილი. ზვიად მათოშვილი

რა არის კარდიოვერსია?

კარდიოვერსიის საშუალებით ხდება გულის ნორმალური  რიტმის აღდგენა.

არსებობს ორი სახის კარდიოვერსია. ფარმაკოლოგიური კარდიოვერსია, როცა არითმიის მოსახსნელად იყენებენ ერთ, ან რამდენიმე მედიკამენტს; და ელექტრული კარდიოვერსია, როცა არითმიის მოსახსნელად იყენებენ ელექტრულ შოკს.

  • ხშირად კარდიოვერსია გამოიყენება მოციმციმე არითმიის მოსახსნელად
  • ელექტრული კარდიოვერსიის წინ ხდება პაციენტის დაძინება მედიკამენტურად, რათა არ იგრძნოს ელექტრული შოკი

რატომ კეთდება კარდიოვერსია?

არა სასწრაფო, ანუ გეგმიური კარდიოვერსია კეთდება კონკრეტული არითმიის (უხშირესად მოციმციმე არითმიის) მოსახსნელად. მოციმციმე არითმიის მქონე პაციენტების ნაწილს საერთოდ არ აქვს ჩივილები (ვერ გრძნობს არითმიის არსებობას), ხოლო ნაწილს აქვს სხვადასხვა სახის ჩივილები:

  • აჩქარებული გულისცემა
  • გულის ფრიალი
  • ქოშინი
  • დაღლილობა

კარდიოვერსია ასევე გამოიყენება გულის რიტმის სხვა დარღვევების დროს, როგორიცაა წინაგულთა თრთოლვა, წინაგულოვანი ტაქიკარდია და პარკუჭოვანი ტაქიკარდია.

ელექტრული კარდიოვერსია, ან დეფიბრილაცია ასევე გამოიყენება გადაუდებელი სიტუაციების დროს, როცა პაციენტს აქვს სიცოცხლისათვის საშიში არითმია.

რა რისკი ახლავს კარდიოვერსიას?

მოციმციმე არითმიის დროს მარცხენა წინაგულის ყურში შესაძლოა წარმოიქმნას თრომბი. კარდიოვერსიის დროს შესაძლოა მოხდეს წინაგულის ყურიდან თრომბის მოწყვეტა, რომელიც შესაძლოა აღმოჩნდეს თავის ტვინში და გამოიწვიოს ინსულტი. ამის თავიდან ასაცილებლად პაციენტმა კარდიოვერსიის ჩატარებამდე უნდა მიიღოს ვარფარინით (ან სისხლის სხვა „გამათხელებლით“) მკურნალობის კურსი, რაც უზრუნველყოფს სისხლის გათხელებას და შეამცირებს თრომბის წარმოქმნის ალბათობას. სისხლის გამათხელებლის მიღება ხდება კარდიოვერსიის ჩატარებამდე მინიმუმ 3-4 კვირის განმავლობაში. გულში თრომბის არსებობის გამორიცხვის მიზნით კარდიოვერსიის წინ ზოგჯერ კეთდება ტრანსეზოფაგური (საყლაპავშიდა) ექოკარდიოსკოპია.

  • კარდიოვერსიის შემდეგ შესაძლოა მოხდეს კანის გაღიზიანება, მსუბუქი დამწვრობა გულმკერდზე ან ზურგზე, იმ ადგილებში სადაც მოხდა დეფიბრილატორის პედების (ელექტროდების) დადება.
  • კარდიოვერსიით ყოველთვის ვერ ხერხდება არითმიის მოხსნა. ასეთ შემთხვევაში პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს მედიკამენტების მიღება, ან სხვა ჩარევა.

როგორ მოვემზადოთ კარდიოვერსიისთვის?

  • სახლიდან კლინიკამდე და კლინიკიდან სახლამდე პაციენტის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს სხვა პიროვნების დახმარებით (პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი). პაციენტმა ასევე უნდა დაგეგმოს კარდიოვერსიის შემდეგი დღე ისე, რომ არ მოუხდეს ავტომობილის, ან სხვა მექანიკური მოწყობილობის მართვა, არ მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ასევე კარდიოვერსიამდე დაახლოებით 8 საათის განმავლობაში არ უმდა მიირთვას საკვები და არ დალიოს სითხე.
  • კარდიოვერსიის ჩატარებამდე, დილით პაციენტმა არ უნდა მიიღოს მისი ყოველდღიური მედიკამენტები ექიმთან შეთანხმების გარეშე.
  • პაციენტმა კარდიოვერსიის დროს თან არ უნდა იქონიოს სამკაულები (დატოვოს სახლში)
  • კარდიოვერსიამდე 24 საათის განმავლობაში პაციენტმა არ უნდა წაისვას გულმკერდზე და ზურგზე არანაირი კოსმეტიკური, ან არაკოსმეტიკური ლოსიონი, კრემი, ან პუდრი. აღნიშნულმა ნივთიერებებმა შესაძლოა კარდიოვერსიის დროს პრობლემა შეუქმნას დეფიბრილატორის პედებსა და კანს შორის კონტაქტს.

რა ხდება ელექტრული კარდიოვერსიის დროს?

კარდიოვერსია კეთდება კლინიკაში ექიმებისა და ექთნების მიერ. კარდიოვერსია შესაძლოა ჩატარდეს არითმიის გამოვლენისთანავე, ან  დაიგეგმოს გარკვეული დროის შემდეგ.

ელექტრული კარდიოვერსიის დროს:

  • ექთანი პაციენტს ვენაში უყენებს პერიფერიული ვენის კათეტერს (მკლავზე) და უკეთებს საძილე პრეპარატს, რის საშუალებითაც ხდება პაციენტის ჩაძინება. პაციენტმა არ უნდა იგრძნოს ტკივილი პროცედურის დროს.
  • პაციენტის ჩაძინების შემდეგ, ექიმი ათავსებს დეფიბრილატორის ელექტროდებს პაციენტის გულმკერდზე და აკეტებს განმუხტვას (ელექტრულ განმუხტვას). დეფიბრილატორის ერთი ელექტროდი თავსდება გულმკერდზე და მეორე ზურგზე, ან ორივე ელექტროდი თავსდება გულმკერდზე. ელექტრული შოკი მოიცავს ერთ წამზე ხანმოკლე დროს და სწრაფად აღადგენს ნორმალურ რიტმს.
  • შემდეგ ექიმი ამოწმებს გულისცემის სიხშირე რეგულარულია თუ არა. ზოგი პაციენტისთვის საკმარისია მხოლოდ 1 შოკი. ზოგჯერ კი ჯანმრთელი რიტმის აღსადგენად საჭიროა ერთზე მეტი ელექტრული შოკი.
  • პაციენტების უმრავლესობა მალე იღვიძებს და არ ახსოვს ელექტრული შოკი.
  • მთლიანი პროცედურა გრძელდება დაახლოებით 30 წუთს.

ელექტრული კარდიოვერსიის შემდეგ ჩვენი პაციენტების სტანდარტული სიტყვებია:

„მეშინოდა რომ კარდიოვერსია არ იმოქმედებდა. როცა გავიღვიძე, მითხრეს რომ არითმია მომეხსნა, ცუდი არაფერი მიგრძვნია“.

რა ხდება კარდიოვერსიის შემდეგ?

ელექტრული კარდიოვერსიის შემდეგ პაციენტი უბრუნდება მის ჩვეულ აქტივობებს, იღებს მხოლოდ მედიკამენტებს.

ელექტრული კარდიოვერსიის შემდეგ:

  • პროცედურის შემდეგ ერთი, ან მეტი საათით პაციენტი იმყოფება კლინიკაში ექთნის დაკვირვების ქვეშ
  • პაციენტის მონახულება მაშინვე შეუძლიათ ოჯახის წევრებს, მაგრამ პროცედურიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში პაციენტი მოდუნებული და ნახევრად ძილის მდგომარეობაშია
  • ექიმი ან ექთანი პაციენტს ეუბნება აღდგა თუ არა ნორმალური რიტმი
  • ექიმი უხსნის პაციენტს ამის შემდეგ ესაჭიროება რაიმე მკურნალობა თუ არა, ნორმალური რიტმის შესანარჩუნებლად უნდა მიიღოს ანტიარითმიული მედიკამენტები თუ არა
  • პაციენტს სახლში წასვლა შეუძლია პროცედურის დღესვე

რა ხდება როცა პაციენტი დაბრუნდება სახლში?

კლინიკის დატოვებამდე პაციენტი იღებს ინსტრუქციას და რეკომენდაციებს ექიმისგან. გულმკერდზე და/ან ზურგზე ელექტროდების შეხების ადგილას კანი შეიძლება იყოს გაღიზიანებული რამდენიმე დღის განმავლობაში. ჰკითხეთ ექიმს რომელი კრემის გამოყენება შეიძლება ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

როგორ მივიღოთ მეტი ინფორმაცია კარდიოვერსიის შესახებ?

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს. აქ მოცემულია რამდენიმე კარგი კითხვა, რომელიც შეიძლება რომ ჰკითხოთ ექიმს.

  • კარდიოვერსიის შემდეგ კიდევ უნდა გავაგრძელო თუ არა მედიკამენტების მიღება?
  • რამდენჯერ შეიძლება ამ პროცედურის გაკეთება?
  • როგორ უნდა მოვიქცე იმ შემთხვევაში თუ კარდიოვერსიით არ აღდგა ნორმალური რიტმი?

გახსოვდეს:

  • ელექტრული კარდიოვერსიით ჯანმრთელი რიტმის აღდგენა შესაძლებელია კარგად შერჩეული პაციენტების 95%-ზე მეტ ნაწილთან
  • ელექტრული კარდიოვერსიით ხდება არითმიის კონკრეტული ეპიზოდის მოშორება. კარდიოვერსიის შემდეგ შესაძლოა კვლავ დაგემართოთ არითმია
  • არითმიის საბოლოოდ მოსაშორებლად ზოგჯერ რეკომენდებულია აბლაციის ჩატარება