ხშირად დასმული კითხვები

პაციენტებისთვის საინტერესო საკითხები

SHARE

ხშირად დასმული კითხვები

რა არის ელექტროფიზიოლოგია და ელექტროფიზიოლოგიური კვლევა?

ელექტროფიზიოლოგია კარდიოლოგიის ნაწილია (სუბ-სპეციალობა), რომელიც სწავლობს გულის ელექტრულ სისტემას და მის დარღვევებს ანუ არითმიებს. კარდიოლოგს რომელსაც აქვს აღნიშნული სუბ-სპეციალობის მოწმობა - ექლექტროფიზიოლოგი ან არითმოლოგი ჰქვია. ელექტროფიზიოლოგიური კვლევა გულის ელექტრული სისტემის შესწავლაა, ამ დროს ექიმს ვენიდან (უხშირესად ბარძაყის ვენიდან) გულში შეჰყავს სპეციალური ელექტროდები და კომპიუტერის საშუალებით ახდენს სათანადო პარამეტრების შეფასებას. ამ ელექტროდების მეშვეობით შესაძლებელია გულში იმპულსების სპეციფიკური წესით მიწოდება და არითმიის წარმოქმნის მექანიზმის შესწავლა.

ელექტროფიზიოლოგიური კვლევის შედეგი შეიძლება იყოს ნორმალური, ან გამოვლინდეს ისეთი დარღვევა, რომელიც მოითხოვს მედიკამენტურ მკურნალობას, ან გარკვეულ ინვაზიურ ჩარევას. ეს ჩარევა შეიძლება იყოს სპეციფიკური მოწყობილობის (პეისმეიკერი, დეფიბრილატორი) იმპლანტაცია (ჩანერგვა), ან გულში არითმიის კერის აბლაცია (მოწვა, ან მოყინვა).

 

როგორ მუშაობს გული?

გული არის კუნთოვანი ტუმბო, რომლის საშუალებითაც ხდება სისხლძარღვებში სისხლის გადაადგილება (ანუ ორგანიზმში სისხლის ცირკულაცია). გული შედგება ოთხი კამერისაგან. ზედა კამერებია მარცხენა და მარჯვენა წინაგულები, ხოლო ქვედა კამერები - მარცხენა და მერჯვენა პარკუჭები.

ორგანიზმის ყველა ნაწილიდან სისხლი იკრიბება და ჩაედინება მარჯვენა წინაგულში, აქედან კი სარქველის გავლით გადადის მარჯვენა პარკუჭში. სისხლით სავსე მარჯვენა პარკუჭი იკუმშება და სისხლს გადაისვრის ფილტვებში, სადაც სისხლი მდიდრდება ჟანგბადით და თავისუფლდება ნახშირორჟანგისგან. ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი ფილტვებიდან ფილტვის ვენების საშუალებით უბრუნდება ისევ გულს, კერძოდ მარცხენა წინაგულს. მარცხენა წინაგულიდან სარქველის გავლით სისხლი გადაინაცვლებს მარცხენა პარკუჭში, საიდანაც მარცხენა პარკუჭის შეკუმშვის დროს აორტის სარქვლის გავლით გადაიტყორცნება აორტაში. აორტიდან სისხლი გადაიტყორცნება მთელს ორგანიზმში ქსოვილების და ორგანოების გამოსაკვებად.

 

რა არის დეფიბრილატორი?

დეფიბრილატორი სამედიცინო მოწყობილობაა, რომელიც ელექტრული შოკის საშუალებით აღადგენს ნორმალურ რიტმს. რიტმის აღდგენის ასეთ მეთოდს ელექტრული კარდიოვერსია, ან დეფიბრილაცია ეწოდება (იმის და მიხედვით ელექტრული შოკი სინქრონიზებულია თუ არა). ელექტრული შოკით ნორმალური რიტმის აღდგენა ჩვეულებრივ პაციენტის სედაციის ფონზე ხდება. ანუ პრეპარატის მეშვეობით პაციენტი იძინებს რამდენიმე წუთით (საშუალოდ 8-10წთ) და იღვიძებს ელექტრული კარდიოვერსიის შემდგომ.

არსებობს ოთხი სახის დეფიბრილატორი: 1. სტანდრტული, რომელიც გამოიყენება კლინიკების და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ. 2. ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი, რომელიც მონტაჟდება ხალხმრავალ ადგილებში (აეროპორტი, კაზინო, საკონცერტო დარბაზი და ა.შ.) და მისი გამოყენებისთვის პროფესიონალი (ექიმი) საჭირო არ არის. 3. ჩანერგვადი დეფიბრილატორი (ICD) ანუ კარდიოვერტერ დეფიბრილატორი. ეს მცირე ზომის მოწყობილობაა რომელიც ინერგება კანქვეშ და პაციენტს იცავს სახიფათო არითმიისგან. კარდიოვერტერ დეფიბრილატორის იმპლანტაცია (ჩანერგვა) ხდება უეცარი კარდიული სიკვდილის თვალსაზრისით მაღალი რისკის პაციენტებთან. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ კარდიოვერტერ დეფიბრილატორის იმპლანტაცია და უეცარი კარდიული სიკვდილი.  4. სატარებელი დეფიბრილატორი. ეს მოწყობილობა მაღალი რისკის პაციენტებთან გამოიყენება დროებით, კარდიოვერტერ დეფიბრილატორის ჩანერგვამდე. ანუ მისი გამოყენების მიზანია ოპერაციამდე პაციენტების დაცვა უეცარი კარდიული სიკვდილისგან.

 

რა არის არითმია?

ნორმაზე მეტად აჩქარებულ, შენელებულ ან არარიტმულ (არარეგულარულ) გულისცემას არითმია ჰქვია. არითმიის მიზეზია გულის ელექტრულ სისტემაში იმპულსის წარმოქმნის ან მისი გატარების დარღვევა. აჩქარებულ გულისცემას ზოგადად ტაქიკარდია, ხოლო შენელებულს ბრადიკარდია ჰქვია.

გულის ზედა კამერებში (წინაგულებში) წარმოქმნილ არითმიას წინაგულოვანი ან სუპრავენტრიკულური ჰქვია, ხოლო ქვედა კამერებში (პარკუჭებში) წარმოქმნილ არითმიას - პარკუჭოვანი. არსებობს ე.წ. უსაფრთხო და სახიფათო არითმიები.

პაროქსიზმი არითმიის უეცარ (შეტევით) დაწყებას ნიშნავს. შესაბამისად, არითმიას რომელიც იწყება ერთბაშად, შეტევის სახით - პაროქსიზმული არითმია ჰქვია.

არითმიის სამკურნალოდ ზოგჯერ მედიკამენტური თერაპიაა საჭირო, ზოგჯერ კი უპირატესობა ინვაზიურ მეთოდებს (კათეტერული აბლაცია, კარდიოვერტერ დეფიბრილატორის იმპლანტაცია, პეისმეიკერის იმპლანტაცია) ენიჭება.

 

რა იწვევს არითმიის პროვოცირებას?

არითმიის პროვოცირებას ხშირად ხელს უწყობს კოფეინი, თამბაქო, ალკოჰოლი, სპეციფიკური დიეტები და ზოგიერთი პრეპარატი. ძალზე მნიშვნელოვანია გულის მდგომარეობა. მაგალითად: მაღალი არტერიული წნევა, გულის სტრუქტურული პათოლოგია, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენოკარდია, გულის თანდაყოლილი თუ გენეტიკური დაავადებები წარმოადგენს არითმიის განვითარების რისკ ფაქტორებს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ზოგჯერ არითმიის გამომწვევი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.

 

როგორ მივხვდე რა არითმია მაქვს?

არითმიის დიაგნოზის დადგენა ექიმთან ვიზიტის და სათანადო კვლევების გარეშე ვერ მოხერხდება. რეკომენდებულია არითმოლოგთან ვიზიტი, ეკგ (ელექტროკარდიოგრამა), ექოკარდიოსკოპია, ჰოლტერის 24-48სთ მონიტორინგი, სისხლის ანალიზები (მაგ.: კალიუმი, მაგნიუმი, სისხლის საერთო ანალიზი, TSH და ა.შ.), ზოგჯერ ფიზიკური დატვირთვის ტესტი და სხვა დამატებითი კვლევები.

 

შეუძლია თუ არა არითმიას პაციენტის სიკვდილის გამოწვევა?

არითმიის უყურადღებოდ დატოვება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება. არითმიის პირველივე გამოვლინებისას უნდა მიმართოთ არითმოლოგს და ჩაიტაროთ სათანადო კვლევები. ზოგადად კი არსებობს ე.წ. „უსაფრთხო“ არითმიები როდესაც პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და საშიში არითმიები, რომლებიც ხშირად ხდებიან უეცარი კარდიული სიკვდილის მიზეზი. ასეთი არითმიების დროს როგორც წესი საჭიროა კარდიოვერტერ დეფიბრილატორის იმპლანტაცია, ზოგჯერ კი კათეტერული აბლაციაც.

 

საჭიროებს თუ არა მკურნალობას ექსტრასისტოლური არითმია („გამოვარდნები“)?

უხშირესად ექსტრასისტოლური არითმია სახიფათო არ არის და მკურნალობას არ საჭიროებს.  ზოგადად მკურნალობის საჭიროებას განსაზღვრავს ორი ფაქტორი: 1. რამდენად სახიფათოა (ამას ექიმი დაადგენს) კონკრეტული არითმია და 2. რამდენად აწუხებს ის პაციენტს (რამდენად იწვევს ჩივილებს).

 

მაქვს მოციმციმე არითმია, როგორია მისი მკურნალობა?

მოციმციმე არითმია (წინაგულთა ფიბრილაცია) თანამედროვე არითმოლოგიისთვის გამოწვევად რჩება. ცნობილია რომ ის მნიშვნელოვნად ზრდის სიკვდილობას (1,5-2ჯერ). მოციმციმე არითმიის სამკურნალოდ გამოიყენება როგორც კათეტერული აბლაცია, ისე მედიკამენტური თერაპია. სადღეისოდ ერთადერთი საშუალება, რითიც შეიძლება გაზრდილი სიკვდილობის რისკის შემცირება კათეტერული აბლაციაა. ანტიარითმიული თერაპიით ხდება მხოლოდ ჩივილების გაკონტროლება, სიკვდილობის რისკის შემცირება კი ვერ ხერხდება. ანტიარითმიული თერაპიის გარდა პაციენტების დიდი ნაწილი საჭიროებს ანტიკოაგულანტებით (სისხლის „გამათხელებელი“ მედიკამენტებით) მკურნალობას, რათა შემცირდეს თრომბის წარმოქმნის და იშემიური ინსულტის რისკი.

 

რა არის კათეტერული აბლაცია?

კათეტერული აბლაცია ეს მინი ინვაზიური ჩარვაა, როდესაც ცენტრალური (ბარძაყის, ან ლავიწქვეშა) სისხლძარღვების ჩხვლეტის შემდეგ ხდება სპეციალური კათეტერების გულში შეყვანა და არითმიის კერის დაზიანება („მოწვა“ ან „მოყინვა“). აბლაცია ჩვეულებრივ ზოგადი ანესთეზიის გარეშე ტარდება და მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში გამოიყენება ზოგადი ანესთეზია. აბლაციის ხანგრძლივობა 1-4 საათია. გააჩნია კონკრეტული პაციენტის მდგომარეობას და არითმიას. აბლაციის შემდეგ პაციენტი კლინიკაში ყოვნდება მეორე დღემდე და შემდეგ ეწერება სახლში.

 

 

ყველა სხვა თქვენთვის საინტერესო შეკითხვაზე შეგიძლიათ მიიღოთ პასუხი სატელეფონო საუბრით - 555 502 301

ან

დაგეგმოთ ვიზიტი არითმოლოგთან - 555 502 201