ბრადიკარდია

გულის ცემის შენელებას ბრადიკარდია ჰქვია. ზოგჯერ ბრადიკარდია სახიფათოა. ასეთ შემთხვევაში მიმართავენ პეისმეიკერის ანუ კარდიოსტიმულატორის იმპლანტაციას.

SHARE

ბრადიკარდია

განმარტება

ბრადიკარდია ნიშნავს შენელებული გულისცემას. ზრდასრული ადამიანის გულისცემის ნორმალური სიხშირე მოსვენებულ მდგომარეობაში, წუთში 60-100 შეკუმშვაა. თუ გულისცემის სიხშირე მოსვენებულ მდგომარეობაში 60-ზე ნაკლებია, პაციენტს აქვს ბრადიკარდია.

ბრადიკარდიამ შესაძლოა მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვიოს რადგან ამ დროს გული ვერ უზრუნველყოფს ორგანიზმისათვის საკმარისი რაოდენობის ჟანგბადით მდიდარი სისხლის მიწოდებას. ამასთან, ზოგჯერ ბრადიკარდია შესაძლოა საერთოდ არ იწვევდეს სიმპტომებს და გართულებებს.

იმპლანტირებადი პეისმეიკერის (სტიმულატორის) და სხვა მკურნალობის დახმარებით შესაძლებელია ბრადიკარდიის გამოსწორება და გულისცემის ნორმალური სიხშირის აღდგენა.

სიმპტომები

ბრადიკარდიის დროს ტვინი და სხვა ორგანოები შესაძლოა ვერ იღებდნენ მათი ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო ჟანგბადს. ამის შედეგად ვითარდება შემდეგი სიმპტომები:

  • გონების კარგვის შეგრძნება, ან გონების კარგვა (სინკოპე)
  • გაბრუება, თავბრუსხვევა
  • სისუსტე
  • დაღლილობა, ადვილად დაღლა
  • ქოშინი, უჰაერობა, სუნთქვის უკმარისობა
  • დისკომფორტი გულმკერდში
  • დაბნეულობა, გულმავიწყობა და მეხსიერების პრობლემები

 

როდესაც გულისცემის შენელება ნორმის ვარიანტია

ზოგიერთი ადამიანისთვის, მოსვენებულ მდგომარეობაში, შენელებული გულისცემა (წუთში 60-ზე ნაკლები) შესაძლოა ნორმად ჩაითვალოს. განსაკუთრებით ახალგაზრდა ჯანმრთელი ადამიანებისთვის და სპორტსმენებისთვის. ამ ადამიანების შემთხვევაში მსუბუქი ბრადიკარდია არ მიიჩნევა ჯანმრთელობის პრობლემად.

როდის მივმართოთ ექიმს

ბევრმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ბრადიკარდიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და ნიშნები. მნიშვნელოვანია სწრაფი და ზუსტი დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობა. თუ პაციენტს აქვს ბრადიკარდიის სიმპტომები, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. ხოლო, თუ პაციენტს ჰქონდა გონების კარგვა, აქვს სუნთქვის უკმარისობა (გაძნელება), გულმკერდში ტკივილი, რომელიც გრძელდება რამდენიმე წუთზე მეტად, აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება.

ბრადიკარდიის მიზეზები

ბრადიკარდიის მიზეზი შეიძლება გახდეს ნებისმიერი რამ, რაც ხელს უშლის ნორმალური ელექტრული იმპულსების წარმოქმნას და გატარებას. ბრადიკარდიის ძირითადი მიზეზებია:

  • გულის ქსოვილის ასაკობრივი დაზიანება
  • ინფარქტით, ან გულის სხვა დაავადებებით გულის ქსოვილის დაზიანება
  • მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)
  • გულის თანდაყოლილი დაავადებები
  • გულის ქსოვილის ინფექცია (მიოკარდიტი, ენდოკარდიტი)
  • გულის ქირურგიული ოპერაციის გართულება
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი)
  • ელექტროლიტების დისბალანსი (კალიუმის, მაგნიუმის დონის დარღვევა სისხლში)
  • ძილის დროს სუნთქვის ხშირი გაჩერება (ობსტრუქციული ძილის აპნოე)
  • ანთებითი დაავადებები, როგორიცაა რევმატიზმი და წითელი მგლურა
  • ორგანიზმში რკინის ჭარბი დაგროვება (ჰემოქრომატოზი)
  • ზოგიერთი ანტიარითმიული, წნევის საწინააღმდეგო და ანტიფსიქოზური მედიკამენტი
  • მცენარეული და საკვები პროდუქტები (მაგ., იელის შემცველი მწარე თაფლი)

გულის ელექტრული სისტემა

გული შედგება ოთხი კამერისაგან ორი წინაგულის (ზედა კამერები) და ორი პარკუჭისგან (ქვედა კამერები). გულის ნორმალურ რიტმს აკონტროლებს ბუნებრივი პეისმეიკერი (სინუსის კვანძი), რომელიც მდებარეობს მარჯვენა წინაგულში. სინუსის კვანძი გამოიმუშავებს იმპულსებს, რომლებიც განაპირობებენ გულის შეკუმშვებს.

სინუსის კვანძიდან გამოსული ელექტრული იმპულსი გაივლის წინაგულებს, ამის წყალობით ხდება წინაგულების შეკუმშვა და სისხლის გადასროლა პარკუჭებში. ელექტრული იმპულსები შემდეგ გაივლის ატრიოვენტრიკულურ (ავ) კვანძს. ავ კვანძიდან ელექტრული სიგნალი გადაეცემა სპეციალური უჯრედებისგან შემდგარ ე.წ. ჰისის კონას, რომელიც იყოფა ორად, ჰისის კონის მარცხენა და მარჯვენა ფეხად. ელექტრული იმპულსი გაივლის აღნიშნულ კონაში, მიაღწევს პარკუჭებამდე, პარკუჭები იკუმშება; მარჯვენა პარკუჭი ჟანგბადით ღარიბ სისხლს გადადევნის ფილტვებში, ხოლო მარცხენა პარკუჭი ჟანგბადით მდიდარ სისხლს გადადევნის მთელს ორგანიზმში.

ბრადიკარდია ვითარდება მაშინ, როცა ელექტრული იმპულსის გადაადგილება ზემოდან ქვემოთ (წინაგულებიდან პარკუჭებისკენ) შენელებული ან ბლოკირებულია.

სინუსის კვანძის ფუნქციონირების დარღვევები

ბრადიკარდიის მიზეზი ხშირად არის სინუსის კვანძის ფუნქციონირების შემდეგი დარღვევები:

  • ელექტრული იმპულსების წარმოქმნის შენელებული სიხშირე
  • ელექტრული იმპულსების არარეგულარული წარმოქმნა პაუზების, ან გამოვარდნების გამო
  • წარმოქმნილი ელექტრული იმპულსის ბლოკირება, იქამდე ვიდრე იმპულსი გამოიწვევდა წინაგულების შეკუმშვას

ზოგჯერ, სინუსის კვანძის ფუნქციის მოშლა ვლინდება სინუსური იმპულსების სწრაფი და ნელი წარმოქმნის მონაცვლეობაში (ბრადიკარდია-ტაქიკარდიის სინდრომი).

გულის ბლოკადა (ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადა)

ბრადიკარდია ასევე შეიძლება განვითარდეს იმის გამო, რომ წინაგულიდან იმპულსი არ გატარდეს პარკუჭებისკენ.

იმპულსის გატარების შეფერხება შესაძლოა მოხდეს ავ კვანძში, ან ჰისის კონის ნებისმიერ დონეზე. ავ ბლოკადის კლასიფიკაცია ხდება იმპულსის გატარების ბლოკადის მდებარეობის და ხარისხის მიხედვით.

  • პირველი ხარისხის ბლოკადა. ბლოკადის ყველაზე მსუბუქი ფორმა, როცა წინაგულში წარმოქმნილი ყველა იმპულსი აღწევს პარკუჭებამდე, თუმცა იმპულსის გატარების სიჩქარე შემცირებულია (ანუ იმპულსი მხოლოდ ყოვნდება ავ კვანძში). როგორც წესი პირველი ხარისხის ბლოკადა არ იწვევს სიმპტომებს და არ ესაჭიროება მკურნალობა თუ ამასთან ერთად არ ფიქსირდება რიტმის სხვა დარღვევებიც.
  • მეორე ხარისხის ბლოკადა. ამ დროს ყველა იმპულსი ვერ აღწევს პარკუჭებამდე, რაც განაპირობებს გულისცემის შენელებას და გულის არარეგულარულ მუშაობას.
  • მესამე ხარისხის ავ ბლოკადა (სრული ავ ბლოკადა). ამ დროს წინაგულში წარმოქმნილი ვერცერთი იმპულსი ვერ აღწევს პარკუჭებამდე. ასეთ შემთხვევაში, იმპულსის წარმოქმნის (რიტმის წამყვანის) ფუნქციას თავის თავზე იღებს ჰისის კონა ან გულის ქსოვილის სხვა რომელიმე უბანი. გულის აღნიშნულ უბნებს არ შეუძლიათ იმპულსების ისეთივე სიხშირით წარმოქმნა როგორც ეს შეუძლია სინუსის კვანძს წინაგულში. ამის გამო გულისცემის სიხშირე არის მკვეთრად შენელებული და არამყარი.
  • ჰისის კონის ბლოკადა. ჰისის კონის მარჯვენა ან მარცხენა ფეხში იმპულსის გატარების შეფერხებას უწოდებენ ჰისის კონის ბლოკადას. ჰისის კონის ბლოკადით გამოწვეული პრობლემის ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ ჰისის კონის ორივე ფეხია დაზიანებული თუ ერთერთი, გამტარებელი სისტემის სხვა უბანიც არის დაზიანებული თუ არა და როგორია აღნიშნული ქსოვილის დაზიანების ხარისხი.

მეორე და მესამე ხარისხის ავ ბლოკადა როგორც წესი საჭიროებს ექიმის ჩარევას და უხშირესად საჭირო ხდება პეისმეიკერის იმპლანტაცია (ჩანერგვა).

ბრადიკარდიის გართულებები

მკურნალობის გარეშე ბრადიკარდიის გართულებები დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად არის შენელებული გულისცემა, გამტარებელი სისტემის რომელ დონეზეა პრობლემა, გულის ქსოვილის რა ტიპის დაზიანებაა.

თუ ბრადიკარდია მკვეთრია, მაშინ ეს სიმპტომები შესაძლოა იყოს:

  • გულის წასვლა (სინკოპე)
  • გულის უკმარისობა, რაც ვლინდება უჰაერობით და/ან ადვილად დაღლით (ამ დროს გულს არ შესწევს ორგანიზმისათვის საკმარისი სისხლის მიწოდების უნარი)
  • გულის უეცარი გაჩერება და უეცარი კარდიული სიკვდილი

რისკ ფაქტორები

ასაკი

ბრადიკარდიის ძირითადი რისკ-ფაქტორია ასაკი. გულის დაავადებები რომლებიც ასოცირებულია ბრადიკარდიასთან, ხშირად გვხვდება ხანდაზმულ პაციენტებთან.

გულის დაავადებებთან ასოცირებული რისკ-ფაქტორები

ბრადიკარდია ხშირად დაკავშირებულია გულის ზოგიერთი დაავადებით გამოწვეული გულის ქსოვილის დაზიანებასთან. აქედან გამომდინარე ფაქტორები რომლებიც ზრდიან გულის დაავადებების განვითარების რისკს, ასევე ზრდიან ბრადიკარდიის განვითარების რისკს. ცხოვრების სტილის შეცვლამ ან მკურნალობამ შესაძლოა შეამციროს აღნიშნული რისკები. გულის დაავადებების და მათ შორის ბრადიკარდიის რისკებს ზრდის შემდეგი ფაქტორები:

  • არტერიული წნევის მატება
  • თამბაქოს მოწევა
  • ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
  • ნარკოტიკების მოხმარება
  • ფსიქოლოგიური სტრესი და ემოციურად დაძაბული ცხოვრების სტილი

 

ექიმთან შეხვედრის (ვიზიტის) დაგეგმვა

ოჯახის ექიმთან, ან ემერჯენსის განყოფილებაში პირველად მოხვედრილი პაციენტი უნდა გაიგზავნოს არითმოლოგთან სადაც დიაგნოზის დასაზუსტებლად შესაძლოა საჭირო გახდეს ერთი ან ორი ვიზიტი.

თუ ეს შესაძლებელია, უმჯობესია პაციენტს ექიმთან ვიზიტისას თან ახლდეს ოჯახის წევრი, ან მეგობარი, რომელიც პაციენტს გაუწევს მორალურ თანადგომას და დაეხმარება ექიმისაგან მიწოდებული ახალი ინფორმაციის აღქმაში. იქიდან გამომდინარე რომ ბევრი საკითხია განსახილველი, უკეთესი იქნება თუ პაციენტი შეძლებისდაგვარად მომზადებული მივა ექიმთან ვიზიტზე.

როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი ექიმთან ვიზიტისთვის

უნდა შეადგინოს ექიმთან განსახილველი საკითხების სია.

ეს სია უნდა მოიცავდეს:

  • სიმპტომებს, რაც კი პაციენტს ჰქონია. ის სიმპტომებიც კი, რომლების ერთი შეხედვით თითქოს არ არის დაკავშირებული გულთან.
  • ძირითადი პირადი ინფორმაცია. მაგალითად, დიდი სტრესი და უკანასკნელ პერიოდში პაციენტის ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები.
  • მედიკამენტები, ვიტამინების და კვებითი დანამატების ჩათვლით

ექიმთან დასასმელი კითხვები:

  1. სავარაუდოდ რამ გამოიწვია გულისცემის შენელება?
  2. რა გამოკვლევების ჩატარება მჭირდება?
  3. რა არის ყველაზე მართებული და შესაბამისი მკურნალობა?
  4. რა რისკებს ქმნის ჩემთვის, ამჟამად გულის ასეთი მდგომარეობა?
  5. როგორ ვაკონტროლო ჩემი გულის მდგომარეობა?
  6. რა სიხშირით უნდა მივმართო ექიმს გეგმიური შემოწმებისთვის?
  7. რა გავლენას ახდენს ჩემი გულის მდგომარეობაზე ჯანმრთელობის სხვა პრობლემები რომლებიც მაქვს ან მედიკამენტები რომლებსაც ვიღებ?
  8. უნდა შევზღუდო ჩემი აქტივობები? (იგულისხმება როგორც ფიზიკური აქტივობა, ასევე სამსახური, ცხოვრების რეჟიმი)
  9. არის რაიმე ბროშურა ან დაბეჭდილი საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც შეიძლება სახლში გამატანოთ? არსებობს ვებ-გვერდი, სადაც მოვიძიებ ინფორმაციას არითმიების შესახებ?

ასევე, პაციენტმა თავი არ უნდა შეიკავოს იმ კითხვების დასმისგან, რომლებიც ჩანიშნული არ ჰქონდა მაგრამ გაუჩნდა ექიმთან ვიზიტის დროს.

 

კითხვები რომლებიც შესაძლოა ექიმმა დაუსვას პაციენტს:

  • პირველად როდის იგრძენით აღნიშნული სიმპტომები?
  • ოდესმე თუ დაგიკარგავთ გონება?
  • რაიმე ხომ არ აუარესებს თქვენს სიმპტომებს? მაგალითად, ფიზიკური აქტივობა?
  • ეწევით?
  • მკურნალობდით თუ არა ოდესმე გულის დაავადებების, მაღალი არტერიული წნევის, მაღალი ქოლესტერინის ან სხვა ისეთი დაავადებების გამო რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ სისხლის მიმოქცევის სისტემაზე?
  • რა მედიკამენტებს იღებთ აღნიშნული დაავადებების სამკურნალოდ? წამლები რომლებსაც იღებთ ექიმის მიერაა გამოწერილი თუ არა?

კვლევები და დიაგნოზი

დიაგნოზის დასადგენად ექიმი გამოიკითხავს პაციენტის სიმპტომებს, სამედიცინო და ოჯახურ ისტორიას და გასინჯავს. გულისცემის სიხშირის დასადგენად ექიმი ატარებს სხვადასხვა კვლევას, ადგენს კავშირს შენელებულ გულისცემასა და სიმპტომებს შორის, და გამოავლენს მიზეზებს რასაც შესაძლოა გამოეწვია ბრადიკარდია.

ელექტროკარდიოგრამა (ეკგ)

ეკგ არის პირველი რიგის საშუალება ბრადიკარდიის გამოსავლენად. ეკგ-ს ჩასაწერად იყენებენ მცირე ზომის სენსორებს (ელექტროდებს), რომლებსაც ადებენ გულმკერდზე და კიდურებზე. ეს ელექტროდები იწერენ გულიდან მომავალ ელექტრულ იმპულსებს. ექიმი აღნიშნული ჩანაწერის მიხედვით ადგენს ბრადიკარდიის ტიპს. ექიმის გადაწყვეტილებით შესაძლოა პაციენტს დაუმაგრდეს პორტატული ეკგ, რომლის ტარებაც უფრო ხანგრძლივად იქნება შესაძლებელი და საშუალებას მისცემს ექიმს დაადგინოს კავშირი ბრადიკარდიასა და სიმპტომებს შორის. ამ ტიპის მოწყობილობებს მიეკუთვნება:

ჰოლტერის მონიტორინგი

ეს პორტატული აპარატი პაციენტს უმაგრდება ქამარზე ან ატარებს ჯიბით. აპარატი იწერს პაციენტის გულისცემას 24 საათის განმავლობაში, რაც ექიმისთვის შესაძლოა წარმოადგენდეს მნიშვნელოვან ინფორმაციას. გამოკვლევის პერიოდში სასურველია პაციენტმა აწარმოოს დღიური, სადაც ჩაიწერს 24 საათის განმავლობაში მის შეგრძნებებს, ჩივილებს და მიუთითებს დროს.

ივენთ რეკორდერი

ამ პორტატული აპარატის საშუალებით შესაძლებელია პაციენტის გულისცემის ჩაწერა რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში. ჩაწერის რეჟიმს პაციენტი ააქტიურებს ღილაკზე თითის დაჭერით მხოლოდ დისკომფორტის დაწყების შემთხვევაში. აპარატი ჩაიწერს გულის მუშაობას რამდენიმე წუთის განმავლობაში ღილაკზე თითის დაჭერის მომენტამდე და მის შემდეგ.

ივენთ-ჩამწერით კვლევის პროცესში შესაძლებელია სხვა კვლევების ჩატარებაც, როგორიცაა:

  • ტილტ-ტესტი. ეს ტესტი ექიმს ეხმარება უკეთ შეაფასოს, რამდენად მონაწილეობს ბრადიკარდია გონების კარგვის ეპიზოდში. კვლევის დროს პაციენტი წევს და ღვედებით მიმაგრებულია მაგიდაზე; მაგიდა ბრუნდება ისე რომ პაციენტი სწრაფად გადაჰყავს ფეხზე მდგომ პოზიციაში. ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას პაციენტს შესაძლოა აღენიშნოს გონების კარგვა, ან გონების კარგვის შეგრძნება. აღნიშნული ტესტი ექიმს აძლევს გონების კარგვის ეპიზოდსა და ბრადიკარდიას შორის კავშირის დადგენის საშუალებას.
  • დატვირთვის ტესტი. ტესტი ტარდება სარბენ ბილიკზე, ან სტაციონარულ ველოსიპედზე. ექიმი მონიტორზე აკვირდება პაციენტის გულის აჩქარების დინამიკას და ადეკვატურობას ფიზიკურ დატვირთვასთან მიმართებაში.

ლაბორატორიული ტესტები

პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს ბრადიკარდიის გამომწვევი, ან ხელშემწყობი დაავადებები, როგორიცაა ინფექცია, ჰიპოთირეოზი, ელექტროლიტური დისბალანსი. აქედან გამომდინარე ტარდება შესაბამისი კვლევები. თუ სავარაუდოა ძილის აპნოეს (ძილის დროს სუნთქვის გაჩერების) ეპიზოდები, მაშინ ტარდება პოლისომნოგრაფია.

მკურნალობა

მკურნალობა დამოკიდებულია ბრადიკარდიის ტიპზე, სიმპტომების და გულის შენელების ხარისხზე.

ბრადიკარდიის ხელშემწყობი დაავადებების მკურნალობა

თუ ბრადიკარდიის მიზეზია ჰიპოთირეოზი ან ძილის აპნოე, აღნიშნული დაავადებების მკურნალობამ შესაძლოა აღადგინოს გულისცემის ნორმალური სიხშირე.

მკურნალობის შეცვლა

ბევრი პრეპარატი, მათ შორის გულის სხვა დაავადებების დროს დანიშნული მედიკამენტებიც, შესაძლოა იწვევდეს ბრადიკარდიას. ასეთი მედიკამენტის შეწყვეტის შემდეგ შესაძლოა აღდგეს გულისცემის ნორმალური სიხშირე. როდესაც ალტერნატიული მკურნალობის დაწყება შეუძლებელია და სიმპტომები მკვეთრია, აუცილებელია პეისმეიკერის იმპლანტაცია.

 

პეისმეიკერი

პეისმეიკერი არის ელემენტით მომუშავე მაჯის საათის ზომის აპარატი, რომელიც თავსდება კანქვეშ, ლავიწის ძვლის ქვემოთ. პეისმეიკერის ელექტროდი გულს უერთდება ვენის გავლით. პეისმეიკერი აკონტროლებს გულის რითმს და შენელების შემთხვევაში აწვდის იმპულსებს. პეისმეიკერი ასევე ახორციელებს არითმიის ეპიზოდების ავტომატურ ჩაწერას. ოპერაციის შემდეგ პაციენტს ეძლევა გეგმიური ვიზიტების გრაფიკი; ვიზიტებზე მოწმდება გულის რიტმი და პეისმეიკერის ფუნქციონირება. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პეისმეიკერის იმპლანტაცია.

პრევენცია

ბრადიკარდიის ყველაზე კარგი პრევენცია არის გულის დაავადებების რისკის შემცირება. თუ პაციენტს უკვე აქვს გულის დაავადება, ბრადიკარდიის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მისი მონიტორინგი და მკურნალობის გეგმის ზუსტი შესრულება.

გულის დაავადების პრევენცია

გულის დაავადების სავარაუდო ხელშემწყობი რისკ-ფაქტორების მკურნალობა და ელიმინაცია.

რეკომენდებულია:

  • ვარჯიში და ჯანსაღი კვება. ნაკლები ცხიმი, მეტი ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული
  • ჯანმრთელი წონის შენარჩუნება. ჭარბი წონა ზრდის გულის დაავადებების რისკს
  • არტერიული წნევის და ქოლესტერინის კონტროლი. ცხოვრების სტილის და რეჟიმის შეცვლა. ჰიპერტენზიის და ჰიპერქოლესტერინემიისთვის დანიშნული მედიკამენტების მიღება
  • მოწევის შეწყვეტა. თუ პაციენტი ვერ ახერხებს თავი დაანებოს თამბაქოს მოხმარებას, დახმარებისთვის უნდა მიმართოს მის მკურნალ ექიმს, ან ჩაერთოს სპეციალურ პროგრამაში
  • ალკოჰოლის მოხმარების შემცირება. თუ პაციენტი იღებს ალკოჰოლს, რეკომენდებულია მიიღოს ზომიერად, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში რეკომენდებულია საერთოდ შეწყვიტოს მისი მოხმარება. უმჯობესია ამ საკითხზე პაციენტმა მისი მდგომარეობის შესაბამისი რეკომენდაცია მიიღოს ექიმისგან. თუ პაციენტი ვერ აკონტროლებს ალკოჰოლის მიღებას, შეუძლია დახმარებისათვის მიმართოს მის მკურნალ ექიმს და ისარგებლოს სპეციალური პროგრამით, რომელიც დაეხმარება ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებული ჩვევების დაძლევაში.
  • ნარკოტიკების მიღებისაგან თავის არიდება. თუ პაციენტს არ შეუძლია თავად დაძლიოს ეს პრობლემა, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, რომელიც დაეხმარება და საჭიროების შემთხვევაში ჩართავს სპეციალურ პროგრამაში.
  • სტრესის კონტროლი. თავიდან იქნას აცილებული უსაფუძვლო სტრესი. სტრესის მართვისთვის ეფექტურად გამოიყენება კოპირების ტექნიკა (მედიტაცია, რელაქსაციის ტექნიკა, რაც მოიცავს ღრმა სუნთქვის ტექნიკას, კუნთების პროგრესულ რელაქსაციას). საჭიროებისამებრ შეიძლება დაიგეგმოს ვიზიტი ფსიქო-ნევროლოგთან.
  • დროული გეგმიური ვიზიტები. რეკომენდებულია ექიმთან რეგულარული ვიზიტები (ვიზიტების სიხშირის შესახებ ინფორმაციას ექიმისგან მიიღებთ).

არსებული გულის დაავადების მონიტორინგი და მკურნალობა

თუ პაციენტს უკვე აქვს გულის დაავადება, რეკომენდებულია გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციებიც:

  • მკურნალობის გეგმის მიხედვით მოქმედება. პაციენტმა კარგად უნდა გაიაზროს მკურნალობის გეგმა და ზუსტად უნდა შეასრულოს დანიშნულება. გაურკვეველი საკითხები დააზუსტოს მის ექიმთან.
  • ცვლილებების დაუყოვნებელი შეტყობინება. ექიმს დაუყოვნებლად უნდა ეცნობოს სიმპტომების შეცვლის, გაუარესების ან ახალი სიმპტომების გაჩენის შესახებ.