მარყუჟოვანი ჩამწერის იმპლანტაცია

გონების დაკარგვის და არითმიის იშვიათი ეპიზოდების სადიაგნოსტიკო ოქროს სტანდარტი

SHARE

ზვიად მათოშვილი. ზვიად მათოშვილი. ზვიად მათოშვილი

მარყუჟოვანი ჩამწერის იმპლანტაცია

მარყუჟოვანი ჩამწერი პატარა ზომის ელექტრული მოწყობილობაა. მისი ზომა და ფორმა მსგავსია კომპიუტერის სტანდარტული მეხსიერების ბარათისა (ფლეშ მეხსიერება). ის გამოიყენება პაციენტების გულის რიტმის (როგორც ტაქიარითმიების, ისე გულისცემის შენელების ეპიზოდების) დარღვევების გამოვლენისა და ხანგრძლივი მეთვალყურეობისთვის.

პროცედურა

მარყუჟოვანი ჩამწერის ჩანერგვა ხდება კანქვეშ. გულმკერდის წინა ზედაპირზე, ადგილობრივი ანესთეზიის ფონზე კეთდება დაახლოებით 2სმ სიგრძის განაკვეთი, საიდანაც ხდება მარყუჟოვანი ჩამწერის ჩანერგვა. პროცედურის შემდეგ პაციენტის კლინიკაში დაყოვნება საჭირო არ არის. მარყუჟოვანი ჩამწერი ფუნქციონირებს დაახლოებით 3 წლის განმავლობაში. ამ პროცედურას სახიფათო გართულებები არ ახლავს. დაახლოებით 1%-ში შეიძლება განვითარდეს ინფექცია, ან მცირე (არასახიფათო) სისხლდენა.

პროცედურის შემდეგ პაციენტის კლინიკაში დაყოვნება საჭირო არ არის. სტანდარტულ შემთვევაში, მარყუჟოვანი ჩამწერის ჩანერგვიდან 30-40 წთ-ში პაციენტი ტოვებს კლინიკას.

 

როგორ მუშაობს?

            მარყუჟოვანი ჩამწერი ავტომატურად ჩაიწერს გულის რიტმის ყველა მნიშვნელოვან დარღვევას. მნიშვნელოვანი სიმპტომების, არითმიის შეგრძნების, გონების დაბინდვის ან რამე საეჭვო ჩივილის არსებობის შემთხვევაში, პაციენტი ეწერება არითმოლოგთან კონსულტაციაზე. არითმოლოგი სპეციალური პროგრამერით „წაიკითხავს“ მარყუჟოვანი ჩამწერის ჩანაწერს და დაადგენს იყო თუ არა ეს ჩივილები გულის რიტმის დარღვევით გამოწვეული.

ჩვენებები:

  • სინკოპე (გონების დაკარგვა). სინკოპეს უამრავი მიზეზი აქვს. მათ შორის კარდიოლოგიურიც და ექსტრაკარდიულიც (არაკარდიოლოგიური მიზეზი). მარყუჟოვანი ჩამწერით შეიძლება დადგინდეს გონების დაკარგვის არითმოგენული მიზეზი.
  • გულისფრიალი / გულის აჩქარება. თუ პაციენტს ხშირად (პრაქტიკულად ყოველდღიურად) აქვს გულის აჩქარება დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება ჰოლტერის (24-48სთ) მონიტორინგი. იმ შემთხვევაში თუ პაციენტს იშვიათად აქვს გულის აჩქარება, მისი დიაგნოსტიკა გართულებულია. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის გამოიყენება მარყუჟოვანი ჩამწერი.
  • მაღალი რისკის პაციენტებთან არითმიის დიაგნოსტიკა. კონკრეტულ შემთხვევაში მარყუჟოვანი ჩამწერი შეიძლება გამოყენებულ იქნას წინაგულთა ფიბრილაციის, ან პარკუჭოვანი არითმიების ეპიზოდების გამოსავლენად.

უკუჩვენება

      აქტიური ინფექციის და სისხლმდენი დიათეზის დროს შეიძლება გადაიდოს მარყუჟოვანი ჩამწერის ჩანერგვის პროცედურა.