უეცარი კარდიული სიკვდილი

უეცარი კარდიული სიკვდილს უხშირესად სიცოცხლისთვის სახიფათო არითმიები იწვევენ. უეცარი კარდიული სიკვდილიგან დაცვის საუკეთესო საშუალება კარდიოვერტერ დეფიბრილატორია.

SHARE

უეცარი კარდიული სიკვდილი

 

უეცარი კარდიული სიკვდილი გულის ფუნქციის დარღვევით გამოწვეულ ადამიანის მოულოდნელ გარდაცვალებას ჰქვია.

ადამიანებს ხშირად უეცარი კარდიული სიკვდილი თრომბოზში ან გულის (მიოკარდიუმის) ინფარქტში ერევათ.

უეცარი კარდიული სიკვდილის დროს გულის გაჩერების მიზეზი უხშირესად სიცოცხლისათვის სახიფათო არითმიაა (პარკუჭთა ფიბრილაცია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია).

მიოკარდიუმის ინფარქტი გულის სისხლით მომარაგების პრობლემის გამო ვითარდება და ეს უშუალოდ გულის კუნთს აზიანებს.

საქართველოში ყველა უეცარ სიკვდილს ხშირად უკავშირებენ თრომბს (თრომბოზს, თრომბ-ემბოლიას). სინამდვილეში ყველა უეცარი გარდაცვალების აბსოლუტურ უმრავლესობაში მიზეზი სიცოცხლისთვის სახიფათო არითმიაა (უეცარი კარდიული სიკვდილი) და არა თრომბოზი.

სტატისტიკა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 325 000 ადამიანი იღუპება უეცარი კარდიული სიკვდილით. ეს დღეში დაახლოებით 890 უეცარ სიკვდილს ნიშნავს.

საქართველოში უეცარი კარდიული სიკვდილის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. ა.შ.შ.-ს სტატისტიკის საქართველოში პირდაპირ გადმოტანით, საქართველოში უეცარი კარდიული სიკვდილით ყოველწლიურად 3 700 ადამიანი იღუპება, რაც დღეში 10-11 ადამიანის სიკვდილს ნიშნავს.

მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად 7 მილიონი უეცარი კარდიული სიკვდილი ფიქსირდება. ეს კი ყოველ 4 წამში ერთ გარდაცვლ ადამიანს ნიშნავს.

სახიფათო არითმიის დაწყებიდან ყოველ 1 წთ-ში 8-10%-ით მცირდება პაციენტის გადარჩენის შანსი. ასეთი პაციენტების 95% კლინიკაში მოხვედრამდე იღუპება

უეცარი კარდიული სიკვდილით, ბევრად მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე სხვა საშიში დაავადებით:

უფრო მეტი გარდაცვლილი ვიდრე მკერდის და ფილტვის სიმსივნით ერთად

2-ჯერ მეტი გარდაცვლილი ვიდრე ინსულტით

5-ჯერ მეტი გარდაცვლილი ვიდრე შაქრიანი დიაბეტით

30-ჯერ მეტი გარდაცვლილი ვიდრე შიდსით

უეცარი კარდიული სიკვდილისგან თავის დასაცავად გამოიყენება კარდიოვერტერ დეფიბრილატორის იმპლანტაცია.

 

ვინ არის რისკის ქვეშ?

უეცარი კარდიული სიკვდილი ხშირად ვითარდება აქტიურ, ერთი შეხედვით ჯანმრთელ პაციენტებში, რომელთაც დადგენილი არ ჰქონდათ გულის რაიმე დაავადება, ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემა. მაგრამ სინამდვილეში, უეცარი კარდიული სიკვდილი არ არის შემთხვევითი მოვლენა ანუ არ ვითარდება უსაფუძვლოდ. ასეთი პაციენტების უმრავლესობას აქვს გულის დაავადება ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემა, მიუხედავად იმისა თვითონ იციან თუ არა ამის შესახებ.

გულის გაჩერებას მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს, მაგრამ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ორი:

კორონარული არტერიების დაავადება (კად). ამ დროს გულის მკვებავი სისხლძარღვები შევიწროვებული ან მთლიანად დახურულია. აღმოჩნდა, რომ უეცარი კარდიული სიკვდილის შემთხვევების 75%-ში პაციენტებს ადრე გადატანილი ჰქონდათ მიოკარდიუმის ინფარქტი.

დაბალი მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია (EF).  განდევნის ფრაქცია არის გულის თითოეული შეკუმშვის დროს მარცხენა პარკუჭიდან (გულის მთავარი ტუმბო-კამერა) სისხლძარღვებში გადასროლილი სისხლის რაოდენობა. ყოველი შეკუმშვის დროს ჯანმრთელი გული გადაისვრის 55% სისხლს. უეცარი კარდიული სიკვდილის მაღალი რისკის მქონე პაციენტებს აქვთ 35%-ზე ნაკლები განდევნის ფრაქცია. ექიმები 35%-ზე ნაკლები განდევნის ფრაქციის მქონე პაციენტებს უეცარი კარდიული სიკვდილის რისკის შესამცირებლად ურჩევენ კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაციას.

რისკ-ფაქტორების გამოსავლენი ტესტები

არსებობს გულის გაჩერების მაღალი რისკის მქონე პაციენტების გამოსავლენი მრავალი ტესტი. ესენია:

ექოკარდიოგრამა

უმტკივნეულო გამოკვლევაა. გულის მოძრავი გამოსახულების მისაღებად გამოყენებულია ულტრაბგერითი ტალღები. აღნიშნული ტესტი იძლევა გულის განდევნის ფრაქციის და უეცარი კარდიული სიკვდილის რისკის შემცველი სხვა პრობლემების გამოვლენის საშუალებას.

ელექტროკარდიოგრამა (ეკგ)

უმტკივნეულო გამოკვლევაა. ელექტროდები მაგრდება გულმკერდზე და კიდურებზე, რის საშუალებითაც ხდება გულის ელექტრული სიგნალების ჩაწერა. მისი საშუალებით ხდება არითმიის გამოვლენა. ზოგიერთი არითმია შეიცავს უეცარი კარდიული სიკვდილის მაღალ რისკს (არის სიცოცხლისათვის საშიში).

ჰოლტერის მონიტორინგი

მობილური ტელეფონის ზომის აპარატი, რომელიც პაციენტს უმაგრდება გულმკერდზე და 24 ან 48 საათის განმავლობაში იწერს მის რიტმს. აპარატის მოხსნის შემდეგ ექიმი აკეთებს ჩანაწერის ანალიზს.

მარყუჟოვანი ჩამწერი (ივენთ-რეკორდერი)

მცირე ზომის (მეხსიერების ბარათის ზომის) აპარატი, რომელიც პაციენტზე უფრო ხანგრძლივი დაკვირვების საშუალებას იძლევა. ჰოლტერის მონიტორინგისგან განსხვავებით მუდმივად არ იწერს გულის რიტმს, ჩაწერის რეჟიმი აქტიურდება მხოლოდ არითმიის ავტომატურად დაფიქსირების შემთხვევაში ან თუ პაციენტი იგრძნობს არითმიას და გააქტიურებს აპარატს.

ელექტროფიზიოლოგიური კვლევა (EPS)

კვლევა ტარდება კლინიკაში ადგილობრივი ანესთეზიით; საზარდულის ან ლავიწქვეშა არეში კეთდება გამაყუჩებელი. ვენების საშუალებით, რენტგენის კონტროლით გულში შეჰყავთ წვრილი, რბილი მავთული ელექტრული სიგნალების ჩასაწერად. კვლევის დროს ელექტროფიზიოლოგი იკვლევს გულიდან მომდინარე ელექტრული სიგნალების სისწრაფეს და ნაკადს და პირიქით ასტიმულირებს გულს იმის დასადგენად, გამოიწვევს თუ არა არითმიას. ექიმმა ასევე წინასწარ უნდა გაარკვიოს პაციენტს აქვს თუ არა გადატანილი ინფარქტი, ან ხომ არ ფიქსირდება გადატანილი ინფარქტისთვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები. ყველა ეს ინფორმაცია ექიმს ეხმარება განსაზღვროს აქვს თუ არა პაციენტს უეცარი კარდიული სიკვდილის მაღალი რისკი.

 

პრევენცია

არსებობს უეცარი კარდიული სიკვდილისაგან დაცვის მრავალი საშუალება. პირველ რიგში ეს არის ჯანსაღი ცხოვრების სტილი (Heart-Healthy Life), რაც ამცირებს გულის გაჩერებით ან გულის სხვა დაავადებებით სიკვდილის ალბათობას. ეს ღონისძიებებია რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, ჯანსაღი საკვებით კვება, ნორმალური წონის შენარჩუნება და მოწევისგან თავის შეკავება. ასევე მნიშვნელოვანია იმ დაავადებების და მდგომარეობების მკურნალობა და მონიტორინგი რომლებიც ხელს უწყობენ გულის პრობლემების განვითარებას; ასეთებია არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერქოლესტერინემია და შაქრიანი დიაბეტი. და ბოლოს, ზოგიერთ პაციენტთან უეცარი კარდიული სიკვდილის პრევენცია გულისხმობს დარღვეული გულის რითმის მკურნალობას, რათა აღნიშნული არითმია არ გახდეს პარკუჭთა ფიბრილაციის გამომწვევი (ტრიგერი). არითმიის მკურნალობა ხდება 3 გზით:

მედიკამენტების საშუალებით, როგორიცაა აგფ-ინჰიბიტორები, ბეტა-ბლოკერები, კალციუმის არხების ანტაგონისტები და ანტიარითმიული საშუალებები, შესაძლებელია არითმიის კონტროლი ან სხვა მდგომარეობების მკურნალობა, რომლებიც შესაძლოა ხელს უწყობდნენ გულის დაავადებების განვითარებას და უეცარ კარდიულ სიკვდილს. მაგრამ, მხოლოდ მედიკამენტური მკურნალობა ვერ უზრუნველყოფს პაციენტის ძალიან ეფექტურ დაცვას უეცარი კარდიული სიკვდილისაგან. როგორც წესი, ამ მედიკამენტებს ასევე იღებენ ის პაციენტები რომლებსაც უკვე აქვთ ჩანერგილი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი; აღნიშნულის მიზანია არითმიის დამართების პროფილაქტიკა, რითაც მცირდება დეფიბრილატორის განმუხტვების სიხშირე და ელემენტის ხარჯვა.

იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი (ICD)

ეს აპარატი არის უეცარი კარდიული სიკვდილისაგან დაცვის ძალიან ეფექტური საშუალება მაღალი რისკის პაციენტებში. პეისმეიკერების (სტიმულატორების) მსგავსად დეფიბრილატორების ჩანერგვაც ხდება კანქვეშ. ელექტროდების ერთი ბოლო მიერთებულია კანქვეშ მოთავსებულ აპარატთან, ხოლო მეორე ბოლო უკავშირდება გულს; ამგვარად კანქვეშ მოთავსებული აპარატი აკონტროლებს გულის მუშაობას და ახდენს რითმის დარღვევის ამოცნობას. სიცოცხლისათვის საშიში არითმიის დაფიქსირების შემთხვევაში ელექტროდის საშუალებით გულში აგზავნის ელექტრულ მუხტს (ელექტრულ შოკს), აღადგენს გულის ნორმალურ რიტმს და ახდენს უეცარი კარდიული სიკვდილის პრევენციას. გულისცემის შენელების შემთხვევაში, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებს ასევე შეუძლიათ პეისმეიკერის ფუნქციის შესრულება.

კათეტერული აბლაცია

აღნიშნული ტექნიკა გულისხმობს რადიოსიხშირული ენერგიით (გაცხელებით), კრიოთერაპიით (გაცივებით) ან ენერგიის სხვა ფორმებით  გულის კუნთის იმ მცირე უბნის დაზიანებას, საიდანაც მომდინარეობს საშიში, სწრაფი არითმია. ენერგიის გულამდე მიწოდება ხდება სპეციალური კათეტერების საშუალებით რომლებიც გულში შეყვანილია ვენების და/ან არტერიების გავლით. ზოგჯერ კათეტერული აბლაცია ტარდება იმ პაციენტებთან, რომელთაც უკვე აქვთ იმპლანტირებული კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი; ამ დროს კათეტერული აბლაციის მიზანია არითმიის დამართების სიხშრის და დეფიბრილატორის ელ. შოკების შემცირება.

 

ხართ რისკის ქვეშ?  თუ ფიქრობთ რომ თქვენ შესაძლოა გქონდეთ უეცარი კარდიული სიკვდილის მაღალი რისკი, მიაკითხეთ არითმოლოგს, რომელიც დაგეხმარებათ განსაზღვროთ თქვენი რისკები და მოგცემთ რჩევებს როგორ შეიმციროთ გულის უეცარი გაჩერების რისკი.

ვიზიტზე ჩასაწერად გამოიყენეთ ელექტრონული ფორმა ან დარეკეთ 555 502 201