როდის გვჭირდება არითმოლოგი

როდის უნდა გავაგზავნოთ პაციენტი არითმიების სპეციალისტთან

SHARE

როდის გვჭირდება არითმოლოგი

კარდიოლოგის, თერაპევტის, ოჯახის ექიმის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის ან სხვა სპეციალობის ექიმის პრაქტიკაში ხშირია პაციენტი რომელიც არითმოლოგთან ვიზიტს საჭიროებს.

არსებობს გარკვეული მდგომარეობები როდესაც არითმოლოგის კონსულტაცია აუცილებელია.

ბრადიკარდია და პარკუჭოვანი პაუზები

გულისცემის შენელება მნიშვნელოვანი მდგომარეობაა. ამ დროს პაციენტს შეიძლება ჰქონდეს სისუსტე, თავბრუ, პრესინკოპე და სინკოპეც კი. ზოგჯერ მკვეთრ ბრადიკარდიას და პარკუჭოვან პაუზებს შეიძლება მოჰყვეს სიცოცხლისათვის სახიფათო გართულებაც კი.

თუ პაციენტს აქვს ზემოაღნიშნული ჩივილები და არსებობს ეჭვი რომ ამ ყველაფრის მიზეზი შესაძლოა იყოს ბრადიკარდია ან/და პარკუჭოვანი პაუზა, აუცილებელია არითმოლოგთან ვიზიტი. სტანდარტულად პირველი რიგის კვლევა ასეთ პაციენტთან არის ჰოლტერის 24-48სთ მონიტორინგი. ზოგიერთ შემთხვევაში დიაგნოზის დასაზუსტებლად შესაძლოა საჭირო გახდეს მარყუჟოვანი ჩამწერის იმპლანტაცია.

დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ იგეგმება მკურნალობის საბოლოო ტაქტიკა. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს პეისმეიკერის, კარდიოვერტერ დეფიბრილატორის ან რესინქრონიზატორის იმპლანტაცია.

პრესინკოპე და სინკოპე

პრესინკოპეს და სინკოპეს ბევრი შესაძლო მიზეზი აქვს. ყველაზე ხშირად მათი მიზეზი ვაზო-ვაგალურია. ვაზო-ვაგალური სინკოპე/პრესინკოპე ვითარდება შიშზე, სისხლის დანახვისას, ტკივილზე, სამედიცინო მანიპულაციების დროს, საპირფარეშოში და ა.შ. ზოგჯერ სინკოპე/პრესინკოპეს მიზეზი გულის ელექტრული სისტემის დარღვევებია და ასეთ დროს არითმოლოგის კონსულტაცია ფასეულია.

სინკოპე ან/და პრესინკოპე შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთმა არითმიამ (პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭთა ფიბრილაცია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, წინაგულთა ფიბრილაცია და ა.შ.) და გულისცემის შენელებამ (მკვეთრი ბრადიკარდია, პარკუჭოვანი პაუზები).

სინკოპეს და პრესინკოპეს დროს ჩვეულებრივ კეთდება სტანდარტული კარდიოლოგიური კველევები (ექოკარდიოსკოპია, ეკგ, ტრედმილმეტრია), ჰოლტერის მონიტორინგი. უფრო იშვიათდ მიმართავენ ენდოკარდიულ ელექტროფიზიოლოგიურ კვლევას და მარყუჟოვანი ჩამწერის იმპლანტაციას.

ზუსტი დიაგნოსტიკის შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს არითმიის აბლაცია, პეისმეიკერის, კარდიოვერტერ დეფიბრილატორის, ან რესინქრონიზატორის იმპლანტაცია.

 

ტაქიკარდია

ზოგჯერ პაციენტი აღწერს გულის აჩქარების, გულის ფრიალის ეპიზოდებს. აღნიშნული ჩივილის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც უსაფრთხო სინუსური ტაქიკარდია, ისე საყურადღებო ტაქიკარდიები.

ასეთი პაციენტის კვლევა უმჯობესია არითმოლოგთან ჩატარდეს, მითუფრო თუ პაციენტი აღწერს გულის აჩქარების უეცარ დასაწყისს და უეცარ დამთავრებას.

დიაგნოზის დასაზუსტებლად ძალზე ფასეულია გულის აჩქარების ეპიზოდის (შეტევის) დროს გადაღებული ელექტროკარდიოგრამა. თუ ასეთი ჩანაწერი არ არსებობს, სტანდარტული კარდიოლოგიური კვლევების და ჰოლტერის 24-48 სთ მონიტორინგის გარდა შესაძლოა დაიგეგმოს ენდოკარდიულ ელექტროფიზიოლოგიური კვლევა და მარყუჟოვანი ჩამწერის იმპლანტაცია.

დიაგნოზის დადგენის შემდეგ შესაძლოა საჭირო იყოს არითმიის აბლაცია, კარდიოვერტერ დეფიბრილატორის იმპლანტაცია, ან მედიკამენტური თერაპია.

ქვემოთჩამოთვლილი ნებისმიერი დადგენილი, ან საეჭვო ტაქიარითმიის დროს არითმოლოგთან ვიზიტი საჭიროა: წინაგულთა ფიბრილაცია (მოციმციმე არითმია), სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდია, წინაგულოვანი ტაქიკარდია, წინაგულთა თრთოლვა, პარკუჭოვანი არითმიები.

უეცარი კარდიული სიკვდილის მაღალი რისკი

დაქვეითებული განდევნის ფრაქცია უეცარი კარდიული სიკვდილის დამოუკიდებელი რისკ ფაქტორია. მაგალითად ყველა პაციენტი, რომელიც იმყოფება ადეკვატურ მედიკამენტურ თერაპიაზე და ამის მიუხედავად აქვს EF (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია) < 35%, საჭიროებს კარდიოვერტერ დეფიბრილატორის იმპლანტაციას. იმ შემთხვევაში თუ ასეთ პაციენტებს ეკგ-ზე აღენიშნებათ გაფართოებული QRS კომპლექსები, საჭიროა რესინქრონიზატორ დეფიბრილატორის იმპლანტაცია.

ყურადღებას საჭიროებენ პაციენტები, რომელთა განდევნოს ფრაქცია 36-40%, ასეთ პაციენტებთან, მათი მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლოა ასევე დაიგეგმოს კარდიოვერტერ დეფიბრილატორის იმპლანტაცია.

პარკუჭოვანი ტაქიარითმიების დროს, რომელებიც არ არის გამოწვეული შექცევადი მიზეზით, კარდიოვერტერ დეფიბრილატორის იმპლანტაცია აუცილებელია.

გენეტიკური სინდრომები [არითმიის პირველადი თანდაყოლილი სინდრომები] (ბრუგადას სინდრომი, გახანგრძლივებული QT სინდრომი, შემოკლებული QT სინდრომი, კატექოლამინერგული პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია და ა.შ.) საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას. ხშირად ასეთი პაციენტების დაცვისთვის, რეკომედებულია კარდიოვერტერ დეფიბრილატორის იმპლანტაცია.