გულის ელექტრული სისტემა

გულს საკუთარი ელექტრული სისტემა გააჩნია. სწორედ ეს სისტემა განაპიროებებს გულის მოწესრიგებულ და რიტმულ მუშაობას. აღნიშნული სისტემის ფუნქციის დარღვევა იწვევს არითმიების განვითარებას.

SHARE

ზვიად მათოშვილი. ზვიად მათოშვილი. ზვიად მათოშვილი

 

გულის ელექტრული სისტემა

გული შედგება ორი წინაგულისა და ორი პარკუჭისგან.      გულის მუშაობას მისი საკუთარი ელექტრული სისტემა განაგებს.

გულის ელექტრული შედგება შემდეგი ნაწილებისგან: სინუსის კვანძი, ატრიოვენტრიკულური კვანძი, ჰისი და პურკინიეს ბოჭკოები

გულის თითოეულ შეკუმშვას თითო ელექტრული იმპულსი იწვევს, რომლებიც ეგრეთ წოდებულ სინუსის კვანძში (გულის ბუნებრივ რიტმის წამყვანში) წარმოიქმნება.

სინუსის კვანძი სპეციალიზებული უჯრედების ჯგუფია, რომელიც მარჯვენა წინაგულში მდებარეობს. სინუსის კვანძში წარმოქმნილი იმპულსები განსაზღვრავს გულისცემის სიხშირეს. იმპულსი ჯერ მარჯვენა და მარცხენა წინაგულის კედლებზე ვრცელდება და მათ შეკუმშვას იწვევს, რის შედეგადაც სისხლი წინაგულებიდან პარკუჭებში გადადის. ამის შემდეგ იმპულსი აღწევს ატრიო-ვენტრიკულურ კვანძს, რომელიც ერთგვარი ელექტრული კარიბჭეა წინაგულებსა და პარკუჭებს შორის. აქ იმპულსი სულ მცირე ხნით ყოვნდება, ვიდრე პარკუჭებისკენ გავრცელდება. ავ-კვანძიდან პარკუჭებისკენ იმპულსი სპეციალური ბოჭკოების საშუალებით ტარდება, რომელთაც ჰის-პურკინიეს სისტემა ეწოდება. ბოჭკოების ამ ქსელის საშუალებით იმპულსი პარკუჭების კედლებზე ვრცელდება და მათ შეკუმშვას იწვევს, რის შედეგადაც სისხლი პარკუჭებიდან სხეულის სხვადასხვა ორგანოებისკენ გადაისროლება. სინუსის კვანძი ახალ იმპულსს გამოიმუშავებს და ყველაფერი თავიდან იწყება.

ნორმალურ შემთხვევაში ადამიანის გულისცემა რიტმულია და მისი სიხშირე 60-100 შეკუმშვაა 1 წუთის განმავლობაში.

 

არითმია

გულისცემის რიტმულობის ან სიხშირის დარღვევას არითმია ჰქვია. შესაბამისად არითმიის დროს შეიძლება აღინიშნებოდეს ჩქარი, ნელი ან არარიტმული (არარეგულარული) გულისცემა.

იმის მიხედვით, თუ გულის რომელ ნაწილში (წინაგულებში თუ პარკუჭებში) წარმოიქმნება არითმია არსებობს სუპრავენტრიკულური (პარკუჭზედა) არითმია და პარკუჭოვანი არითმია.

 

არითმიის სიმპტომები

ადამიანები არითმიას განსხვავებულად აღიქვამენ და ჩივილებიც განსხვავებული აქვთ. ზოგიერთი ადამიანი შესაძლოა გამოხატულ არითმიას ვერ გრძნობდეს, მაშინ როცა სხვა მინიმალურ რიტმის დარღვევასაც ვერ იტანს.

არითმიის ყველაზე ხშირი სიმპტომებია:

  • გულის ფრიალი
  • სუნთქვის გაძნელება (ქოშინი)
  • გულის წასვლა (სინკოპე)
  • დისკომფორტი გულმკერდში

 

არითმიის ტიპები

ტაქიარითმია (გულისცემის აჩქარება)

  • წინაგულთა ფიბრილაცია (მოციმციმე არითმია)
  • წინაგულთა თრთოლვა
  • სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლია
  • სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდია
  • სინუსური ტაქიკარდია
  • პარკუჭოვანი ტაქიკარდია
  • პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია
  • პარკუჭთა ფიბრილაცია

 

ბრადიკარდია

ბრადიკარდია გულისცემის შენელებას ნიშნავს. ამ დროს გულის შეკუმშვათა სიხშირე ერთ წუთში 60-ზე ნაკლებია. გულისცემის შენელება იწვევს ორგანიზმის სისხლით და ჟანგბადით მომარაგების შემცირებას. ამ დროს პაციენტს შეიძლება გამოუვლინდეს გაბრუება, ადვილად დაღლა, ქოშინი, ზოგჯერ კი გონების დაკარგვაც (გულის წასვლა).

გულისცემის შენელებას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ბრადიკარდიის გავრცელებული მიზეზებია სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი და გულის ბლოკადა.

 

სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი

სინუსის კვანძი გულის რიტმის წამყვანია. ჩვეულებრივ, სწორედ ის განსაზღვრავს გულისცემის სიხშირეს. სინუსის კვანძის ფუნქციის დარღვევისას გულისცემის სიხშირეც ირღვევა. სინუსის კვანძის სისუსტის სამკურნალოდ ხშირად პეისმეიკერის ჩანერგვაა საჭირო.

 

გულის ბლოკადა

წინაგულებს და პარკუჭებს ელექტრულად ერთმანეთთან აკავშირებს ატრიოვენტრიკულური კვანძი.  ატრიოვენტრიკულური კვანძის დაზიანება (ბლოკადა) იწვევს იმპულსების გატარების დარღვევას, რასაც გულისცემის შენელება მოჰყვება. ატრიოვენტრიკულური ბლოკადის სამკურნალოდ გამოიყენება პეისმეიკერის იმპლანტაცია.